კოტე კუბლაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ მთავრობა და პარლამენტი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს გაითვალისწინებს

კოტე კუბლაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ მთავრობა და პარლამენტი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს გაითვალისწინებს

ვენეციის კომისიამ ძალიან ზუსტად აღნიშნა, თუ რას ნიშნავს მართლმსაჯულების სისტემის ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

კოტე კუბლაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობა და პარლამენტი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს გაითვალისწინებს.

"კომისიამ კონკრეტულად მიუთითა, რომ მართლმსაჯულების სისტემის ხარვეზების დამდგენი კომისია არ უნდა ასრულებდეს პარალელური სასამართლოს ფუნქციებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და თუ კი კომისია შეიქმნება, მისი ნებისმიერი დასკვნა უნდა იყოს განხილული ისევ და ისევ სასამართლოს მიერ. სხვანაირად საქმე ვერ გადაიხედება. თანაც სასამართლოში არა სპეციალურად შექმნილი პალატის მიერ, არამედ, უკვე არსებული სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ. კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაუშვებლად უნდა იქნას მიჩნეული ნებისმიერი ასეთი გადახედვის საფუძველზე კონკრეტული მოსამართლის მიმართ რაიმე პასუხისმგებლობის საფუძვლის შექმნა. მე იმედი მაქვს, რომ როგორც მთავრობა, ისე პარლამენტი გაითვალისწინებს ამ ყველაფერს და ისეთი ვარიანტით შემოგვთავაზებს ბოლოს ამ პროექტს", - განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.

ვენეციის კომისიამ მართლმსაჯულების სისტემის ხარვეზების დამდგენი დროებითი კომისიის შექმნის თაობაზე საკუთარი რეკომენდაციები ქართულ მხარეს აცნობა.