ფარული მიყურადება-მოსმენები

ფარული მიყურადება-მოსმენები "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის" ნაწილი გახდება

"სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" შესატან ცვლილებებს, რომელიც ფარულ მოსმენებსა და თვალთვალს და სხვა საგამოძიებო მოქმედებებს ეხება, ახლო მომავალში იუსტიციის სამინისტრო პარლამენტს წარუდგენს.

როგორც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მიყურადება, ფარული თვალთვალი, ფარული მოსმენების საკითხი "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" გადავა. მისივე განმარტებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს მოქმედებები დაიწყება მას შემდეგ, რაც კონკრეტული პირის მიმართ დაიწყება სისხლის სამართლებრივი დევნა. შესაბამის ინდივიდს კი ექნება შემდგომში ამის გასაჩივრების საშუალება.

"მთელი რიგი ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა გადატანილი იქნება სისხლის სამართლის პროცესში, რადგან საჭიროა, რომ ამ საქმიანობის დროს უზრუნველყოფილი იყოს ინდივიდის საპროცესო გარანტიები. საპროცესო გარანტიების უზრუნველსაყოფად კი საუკეთესო გამოსავალი იქნება ის, რომ მნიშვნელოვანი ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის სახეები, რაც განსაკუთრებით ჩარევას ითხოვს ინდივიდის პირად ცხოვრებაში, სისხლის სამართლის პროცესში იქნას გადატანილი", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ.

საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის საფუძველზეც იუსტიციის სამინისტრო პარლამენტს ფარული საგამოძიებო საქმიანობის, მათ შორის ფარული მოსმენების სისხლის სამართლის საპროცესო ნაწილში გადატანას სთავაზობს, პარლამენტში უახლოეს მომავალში იქნება ინიცირებული.