რიჩარდ ნორლანდი მთავრობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს ჩანაწერებში დაფიქსირებული ფაქტები

რიჩარდ ნორლანდი მთავრობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს ჩანაწერებში დაფიქსირებული ფაქტები

საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს ის ფაქტები, რომლებიც სამეგრელოში აღმოჩენილ ჩანაწერებშია დაფიქსირებული. ამის შესახებ ნორლანდმა ჟურნალისტებს ქუთაისში სტუმრობისას განუცხადა.

მისივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში გუშინ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას პირადად არ ესწრებოდა, საელჩოს თანამშრომლების მხრიდან ინფორმირებულია და მათი ნათქვამიდან გამომდინარე შოკირებული და გაოგნებულია.

"ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო შსს-ში გუშინ გამართულ შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო. შესაბამისად, მე პირადად ჩამაყენეს საქმის კურსში. ამდენად, ინფორმირებული, შოკირებული და გაოგნებული ვარ იმ ინფორმაციებით, რაც ჩვენმა წარმომადგენლებმა მითხრეს. ისინი ვიდეოში ასახულ ფაქტებზე მესაუბრნენ.

ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ გამოიძიოს ის, რაც ფირზეა აღბეჭდილი", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

ამასთან, ამერიკელი დიპლომატის განმარტებით, მიუხედავად აღნიშნულისა, ჯერ არ იცის, ვისი ბრალეულობა იკვეთება.

რიჩარდ ნორლანდი ქუთაისში დღეს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალს" სტუმრობდა.