სამტრედიის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქცია "მაჟორიტარების" თავმჯდომარე მიხეილ ნიკოლეიშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" ემიჯნება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ნიკოლეიშვილმა განუცხადა , თანამდებობა და შესაბამისად ფრაქცია უკვე დატოვა.
"დიდი ხანია ვფიქრობდი, რომ გავსულიყავი "ნაციონალური მოძრაობიდან", მაგრამ ფრაქციაში ჩემი მეგობრები იყვნენ და ამ გადაწყვეტილების მიღება მიჭირდა. თუმცა, სამეგრელოში აღმოჩენილი ჩანაწერები და შინაგან საქმეთა მინისტრის გუშინდელი განცხადება ჩემთვის პიკი იყო - სინდისი მქენჯნიდა და თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მივიღე. ვემიჯნები "ნაციონალურ მოძრაობას", - განაცხადა მიხეილ ნიკოლეიშვილმა.
მისივე განმარტებით, საკრებულოში, ამ ეტაპზე, დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით განაგრძობს მუშაობას.
"ჯერჯერობით დამოუკიდებელ დეპუტატად დავრჩები. მინდა თვითმმართველობის მომავალ არჩევნებამდე ჩემი რაიონისთვის ერთი-ორი აგური მეც დავდო", - აღნიშნა მიხეილ ნიკოლეიშვილმა.