საქართველოს მოქალაქეები შტეფან ფულეს პეტიციას უგზავნიან

საქართველოს მოქალაქეები შტეფან ფულეს პეტიციას უგზავნიან

საქართველოს მოქალაქეები პეტიციას უგზავნიან ევროპის კომისარს გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულეს.

როგორც საქართველოს მოქალაქეთა პეტიციაშია აღნიშნული, შეუწყნარებლობასა და ძალადობას ევროკავშირისგან მეტი ყურადღება სჭირდება.

"გთხოვთ, ევროკავშირმა მეტი ყურადღება დაუთმოს საქართველოში შეუწყნარებლობისა და ძალადობის პრობლემებს. გასული თვეების განმავლობაში, საქართველოში უმცირესობების მიმართ ძალადობის ტალღა აგორდა. მიგვაჩნია, რომ ქსენოფობიურ აგრესიას, რომელიც არც აქამდე ყოფილა უცხო ქართული სინამდვილისთვის, კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის რიტორიკა და ასევე დაუსჯელობის ის განცდა, რომელიც ხელისუფლების უმოქმედობას ან არასათანადო რეაგირებას ძალადობასა და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე ლოგიკურად მოჰყვება", - ნათქვამია პეტიციაში.

საქართველოს მოქალაქეთა მიმართვაში ასევე აღნიშნულია, რომ შეუწყნარებლობამ პიკს 17 მაისს, ჰომოფობიური ძალადობის წინააღმდეგ მიმართული აქციის დარბევისას მიაღწია.

"ჩვენ მივესალმებით ევროკავშირის განცხადებას 17 მაისთან დაკავშირებით. თუმცა, მიგვაჩნია, რომ საქართველოში კანონის წინაშე თანასწორობისა და უმცირესობათა უფლებების დაცვა საჭიროებს ევროკავშირის მიერ უფრო აქტიურ მხარდაჭერას. გთხოვთ, საქართველოს ხელისუფლებას უფრო ნათლად განუმარტოთ, რომ უმცირესობების უფლებების დაცვა უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმია ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის, რომ საჭიროა, მთავრობამ უფრო კონკრეტული ნაბიჯები გადადგას ძალადობრივი დაჯგუფების იდენტიფიცირებისა და დასჯის კუთხით", - ნათქვამია პეტიციაში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ ქსენოფობიასა და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან ბრძოლა თავად ქართული საზოგადოების პასუხისმგებლობაა. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია ისეთი პარტნიორის პოზიცია, როგორიც ევროკავშირია.

პეტიციის ასლები ასევე დაეგზავნებათ ულრიკე ლუნაჩეკს (თანათავმჯდომარე, ლგბტ უფლებების დაცვის ჯგუფთაშორისი გაერთიანება); ქეთრინ ეშტონს (ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში); ჯოზეფ დაულის ("ევროპის სახალხო პარტიის" ჯგუფი), ჰანს სვობოდას (სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფი), გი ვერჰოფშტადსა (ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის ჯგუფი) და რამდენიმე სხვა ევროპარლამენტარს.
პეტიციას ამ დროისთვის 80 ხელმომწერი ჰყავს.