გედევან ფოფხაძე და აქციის მონაწილეები შეხვედრაზე შეთანხმდნენ

გედევან ფოფხაძე და აქციის მონაწილეები შეხვედრაზე შეთანხმდნენ

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე და სასტუმრო "რედისონთან" მიმდინარე აქციის მონაწილეები შეხვედრაზე შეთანხმდნენ. როგორც ფოფხაძის და აქციის მონაწილეთა საუბრისას აღინიშნა, შეხვედრა ხვალ, იუსტიციის სახლში გაიმართება.

როგორც გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ხვალინდელ შეხვედრაზე იმ ადამიანებს, რომლებიც 17 მაისის მოვლენებზე კომიტეტის დასკვნის პროექტს აპროტესტებენ, საშუალება ექნებათ ღიად დააფიქსირონ თავისი მოსაზრებები.

"მათ ასევე შეუძლიათ ამ პროექტზე, რომელიც ჩვენ მოვამზადეთ 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით გამოხატონ თავისი აზრი და შენიშვნები. მინდა შეგახსენოთ, რომ ეს არის ჯერ კიდევ პროექტი და დამტკიცებული ვარიანტი არ არის, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ხვალ ისინი აუცილებლად წავლენ შეხვედრაზე. აქციის მონაწილეები იმედოვნებენ, რომ ხვალინდელი შეხვედრა, არ იქნება შეხვედრა შეხვედრისთვის.
"დოკუმენტი, რომელიც 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა შეადგინა, ატარებს დისკრიმინაციულ ხასიათს. მასში საუბარია, რომ 17 მაისის აქცია იყო პროპაგანდისტური, რაც სიცრუეა. ჩვენ გვინდა შეხვედრა, რომ ვისაუბრებთ ყველა ჩვენს მოთხოვნაზე. იმედი გვაქვს, რომ ეს შეხვედრა არ იქნება შეხვედრისთვის და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ჩვენს პრეტენზიებს და მოთხოვნებს გაითვალისწინებს", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, რომელიც აქციაზე ე.წ. "ტაბურეტკით" არის მისული.
მისივე თქმით, სკამით იმიტომ მივიდა აქციაზე, რომ ეკა ბესელიამ იცოდეს, თუ რეალურად რისთვის გამოიყენებენ სკამს.

"სკამი არის დასაჯდომად განკუთვნილი და არა თავში ჩარტყმისთვის, ან ვინმეზე ძალადობის განსახორციელებლად", - აღნიშნა აქციის მონაწილემ.

სასტუმრო "რედისონში" დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშსს წარადგენს.