"რედისონთან" ეკა ბესელიას და პარლამენტის კომიტეტის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

სასტუმრო "რედისონთან" მოქალაქეთა ჯგუფი აქციას მართავს. მათი პროტესტი მიმართულია ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტისა და მისი თავმჯდომარის, ეკა ბესელიას მიმართ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი, რომელიც "რედისონში" გაწეული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას მართავს, ცინიზმით გამოირჩევა.

"ჩვენი აქცია მიმართულია იმ ცინიზმის მიმართ, რომელსაც ეკა ბესელია და მისი კომიტეტი ავლენს. 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით გაავრცელეს ცრუ ინფორმაცია, რომ აქციის მიზანი პროპაგანდა იყო. სიტყვა - პროპაგანდა კონსტიტუციით საერთოდ არ არის განსაზღვრული. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ დღევანდელ აქციაზე უფლებადამცველების ნაცვლად მიწვეული ჰყავთ უფლებადამრღვევები", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მათ მიტანილი აქვთ ტრანსფარატები, სადაც წერია "ჩვენ ნამდვილები, არ გვინდა გავიზიაროთ რუსეთის ბედი". გარდა ამისა, ერთ-ერთ მონაწილეს პატარა სკამი, ე.წ. ტაბურეტიც აქვს მიტანილი.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა სარწმუნოდ არ მიიღო რამდენიმე ათასი ხელმოწერა, რომელიც 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით შეგროვდა.