ეკა ბესელიას დღეს

ეკა ბესელიას დღეს "რედისონთან" აქციით დახვდებიან

სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიასთან" დღეს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას "ტაბურეტკებით" დახვდებიან.
სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი "რედისონთან" შეკრებასა და აქციის გამართვას დილის 10:00 საათზე, იმავე დროს აპირებს, როცა "რადისონ ბლუ ივერიაში" კომიტეტის მიერ დაგეგმილი ღონისძიება დაიწყება.

"ჩვენ, ვინც აღშფოთებულები ვართ 17 მაისის მოვლენების ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტისეული შეფასებებით და მიგვაჩნია, რომ იგი არა მხოლოდ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს და ფაქტების უხეშ ინტერპრეტაციას წარმოადგენს, არამედ, საერთოდ, ადამიანის უფლებების იდეის გაუფასურებას ემსახურება. ხუთშაბათს, 20 ივნისს ვიღვიძებთ ადრე და სამსახურში, სასწავლებელში ან სხვა საქმეზე წასვლამდე ჩვენს სამოქალაქო ვალდებულებას ვასრულებთ!

ჩვენი აქციის მიზანია პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტს და მის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას ვაჩვენოთ, რომ პეტიციას ნამდვილი ადამიანები აწერენ ხელს, რომლებსაც აქვთ ჩამოყალიბებული პოზიცია 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით. აქციაზე მივიტანთ ამობეჭდილ ფოტოებს, რომელიც "ფეისბუქზე" შექმნილ გვერდზე გავრცელდა, სადაც პეტიციის ხელმომწერები რეგისტრაციის ნომრებს უთითებენ, ასევე ტაბურეტებს, როგორც ადამიანის უფლებების უგულვებელყოფის თანამედროვე, ქართულ სიმბოლოს", - ნათქვამია სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათი თქმით, 18 მაისს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სხდომა ჩაატარა, სადაც პეტიციის არც ერთი ხელმომწერი არ ყოფილა მიწვეული, თუმცა მას ესწრებოდნენ პირები, რომლებიც სავარაუდოდ მონაწილეობდნენ ან მხარს უჭერდნენ 17 მაისის ძალადობრივ აქტებს. აღნიშნულ სხდომაზე კომიტეტმა 17 მაისის მოვლენების შესახებ დასკვნის პროექტი მოამზადა, რომელიც უკვე რამდენიმე ადგილობრივმა ორგანიზაციამ მკაცრად გააკრიტიკა.

24 მაისს საქართველოს პარლამენტში საქართველოს მოქალაქეთა პეტიცია შევიდა, რომელსაც თან 12 000 ხელმოწერა ჰქონდა დართული. პეტიციაზე ხელმოწერა ისევ გრძელდება და ამ დროისთვის მას 14 700-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს.

"თუ თქვენ ხართ პეტიციის ხელმომწერი, ან იზიარებთ ამ პოზიციას, გთხოვთ, მობრძანდეთ 20 ივნისს, სასტუმრო "რადისონთან" 10:00 საათზე. წამოიღეთ ტრანსფარანტები და ტაბურეტები (შესაძლებლობების ფარგლებში). ადამიანის უფლებების კომიტეტს არ აქვს ჩვენი უფლებების გაყალბების უფლება!", - აცხადებენ აქციის ორგანოზატორები.
დღეს, 10:00 საათზე, თბილისში, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი მუშაობის ექვსი თვის ანგარიშს შეაჯამებს.