"ტიშკევიჩს როტაციის ვადა გაუვიდა, აქედან გამომდინარე, მე ამ საკითხს სხვანაირად ვერ ავხსნი"

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის გენერალ ტიშკევიჩის გაწვევას და ამ საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

"ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ძალიან მნიშვნელოვანია. ევროკავშირის ყველა წარმომადგენელი, ყველა მონიტორი და მათი საქმიანობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ტიშკევიჩი იყო ამ მისიის ხელმძღვანელი, ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ მისი მოღვაწეობის, მაგრამ სამწუხაროდ, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ იგი პერსონა ნონგრატად გამოაცხადა და მას საშუალება არ ეძლეოდა გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მუშაობაში მიეღო მონაწილეობა. ეს ემსახურებოდა იმას, რომ შესუსტებულიყო ევროკავშირის როლი კონფლიქტის მოგვარების საქმეში და ამ შეფასებას იზიარებს ჟენევის მოლაპარაკების ყველა თანათავმჯდომარე. ჩვენ რაც ხელისუფლებაში მოვედით, მუდმივად ვცდილობთ ევროკავშირის როლის გაძლერებას ჟენევის დისკუსიების ფორმატში. თვითონ ევროკავშირის მისიამ გააკეთა განცხადება, რომ ბატონ ტიშკევიჩს როტაციის ვადა გაუვიდა, აქედან გამომდინარე, მე ამ საკითხს სხვანაირად ვერ ავხსნი. მას 1 ივლისს გასდის როტაციის ვადა და ხვალ მექნება გამოსამშვიდობებელი შეხვედრა", - განაცხადა ფანჯიკიძემ.