"იუნესკოს არც განუხილავს, რომ მომავალი წლის სესიაზე ბაგრატის ტაძარი ამ სიიდან ამოღებული იქნება"

იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ფონდის ევროპის დეპარტამენტის უფროსის პეტია ტოტჩაროვას განცხადებით, "იუნესკოს არ განუხილავს, რომ მომავალი წლის სესიაზე ბაგრატის ტაძარი კულტურული მემკვიდრეობის საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხიდან იქნება ამოღებული". 

ამის შესახებ ტოტჩაროვამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს განუცხადა.

"ბაგრატის ტაძარი კულტურული მემკვიდრეობის სიიდან არ არის ამოღებული. ის რჩება იმ ძეგლების სიაში, რომლებსაც საფრთხე ემუქრებათ. ბაგრატის ტაძარი ამ სიაში 2010 წელს შევიტანეთ და ამ ეტაპზეც ამავე სიაში რჩება. კომისიას არ მიუღია გადაწყვეტილება და არც განუხილავს, რომ ბაგრატის ტაძარი ამ სიიდან იქნება ამოღებული მომავალი წლის სესიაზე. ყოველ წელს განვიხილავთ რა უნდა გაკეთდეს, მაგრამ გადაწყვეტილებას წინასწარ არასდროს ვიღებთ. ოფიციალური გადაწყვეტილება 25 ივნისს გამოცხადდება", - განაცხადა ტოტჩაროვამ.

ცნობისთვის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაცით, გელათის მონასტერი და მცხეთის ისტორიული ძეგლები, UNESCO-ს კომიტეტის 37-ე სესიის გადაწყვეტილებით საფრთხეში მყოფ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში რჩება, რაც შეეხება ბაგრატის ტაძარს, მისი ამ ნუსხიდან ამოღება გადაწყდა.