"ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ბაგრატის სტატუსი შენარჩუნებული იყოს"

საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, "ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ბაგრატის სტატუსი შენარჩუნებული იყოს".

"ბაგრატის ირგვლივ მდგომარეობა არის შემდეგი: ბაგრატი და გელათი ერთად იყო ნომინირებული სიაში. ახლა ნამდვილად არის ჩანაწერი, რომლითაც ბაგრატი არის შესული იმ ძეგლთა სიაში, რომლებიც საფრთხის ქვეშ იმყოფებიან, მაგრამ ის, თუ რატომ მოხვდა ბაგრატი ამ სიაში და რატომ არის საფრთხის ქვეშ, ახალი ხელისუფლების ბრალი ნამდვილად არ არის. ჩვენ ყველას გვახსოვს დისკუსია იმის თაობაზე, შეიძლებოდა თუ არა ბაგრატის ტაძრის ისეთი რეკონსტრუქცია, როგორიც წინა ხელისუფლებამ განახორციელა. ამიტომ თუ ვინმე ამის დაბრალებას ახალი მთავრობისთვის ცდილობს, ეს აბსოლუტურად უსამართლოა. რაც შეეხება იმას, რას გვთავაზობს ახლა იუნესკო, ის გვთავაზობს, რომ ბაგრატსა და გელათს შორის საზღვრები დადგინდეს, რათა გელათი სიიდან არ იყოს ამოღებული", - განაცხადა ფანჯიკიძემ და დასძინა, რომ “მისდა სამწუხაროდ, ბაგრატის ამოღების საკითხი გადაწყვეტილია და ახლა იუნესკოს და ქართული მხარის ძალისხმევა მიმართული უნდა იქნეს იქით, რომ გელათიც არ ამოიღონ".

"ეს საზღვრები უნდა დადგინდეს და გელათის ცალკე დასაბუთება მოხდეს, რათა მას სტატუსი შეუნარჩუნდეს. სანამ ეს განხორციელდება და ჩვენ დოკუმენტაციას მივაწვდით იუნესკოს, მე არ ვიცი რამდენად შეიძლება, ეს დრო გამოყენებულ იქნას იმისთვის, რომ ჩვენ ბაგრატიც გადავარჩინოთ, მაგრამ ერთ რამეში შემიძლია, დაგარწმუნოთ, თუკი ბაგრატის გადარჩენის შანსი არსებობს, თუკი არსებობს შანსი, რომ ამ რეკონსტრუქციას უკუსვლა მიეცეს და ამით ბაგრატი სიიდან ამოვარდება, მაშინ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ბაგრატის სტატუსი იყოს შენარჩუნებული", - განაცხადა ფანჯიკიძემ.