ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე საკუთარ უწყებაში პრემიების გაცემის პრინციპის თაობაზე ვერ საუბრობს

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე საკუთარ უწყებაში პრემიების გაცემის პრინციპის თაობაზე ვერ საუბრობს

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილი საკუთარ უწყებაში პრემიების გაცემის წესის და პრინციპის თაობაზე ვერ საუბრობს და ამასთან დაკავშირებით არც საია-ს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს იცნობს. 

როგორც თაბუაშვილმა დღეს ჟურნალისტების საპასუხოდ განაცხადა, პირადად მან პრემია ბოლოს დეკემბერში - საახალწლოდ აიღო, თუმცა რა მოცულობით, არ ახსოვს.

"პრემიების გაცემა ალბათ, სავარაუდოდ, იგივე სისტემით ხდება, როგორც სხვა სტუქტურებში. ინფორმაცია საიას მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე არ მაქვს. პრემიების გაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს დეპარლამენტის თავმჯდომარე თავის თანამშრომლებთან დაკავშირებით, ხოლო უწყების ხელმძღვანელი - მოადგილეებზე და ასე შემდეგ" - განუცხადა ჟურნალისტებს თაბუაშვილმა.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ახალი ხელისუფლების პირობებში ყველაზე მეტი პრემია თავდაცვის სამინისტროში, ფინანსთა სამინისტროსა და პარლამენტში გაიცა.

საიას მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ფინანსთა სამინისტრომ ოქტომბრიდან მარტის განმავლობაში 1 537 315 ლარის პრემია გასცა.