მართვის ახალ კონსტიტუციურ მოდელზე გადასვლა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების შემთხვევაშიც იქნება შესაძლებელი

მართვის ახალ კონსტიტუციურ მოდელზე გადასვლა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების შემთხვევაშიც იქნება შესაძლებელი

მმართველი გუნდი რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისთვის თავს იზღვევს და კონსტიტუციაში ცვლილებები ამ მიმართულებითაც შეაქვს. საქმე ეხება 2010 წელს მიღებულ იმ საკონსტიტუციო ნორმებს, რომლებიც, არსებული საკონსტიტუციო ჩანაწერის გათვალისწინებით, ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა ამოქმედდეს და, რომლის საფუძველზეც ქვეყანა მმართველობის ახალ მოდელზე გადადის. 

კერძოდ, დღეს კონსტიტუცია ამბობს, რომ 2010 წელს მიღებული კონსტიტუციური ნორმები 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან უნდა ამოქმედდეს. პარლამენტში კი ინიცირებულია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი და ასევე პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებები, რომელთა გათვალისწინებითაც, კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისი მუხლებიდან სიტყვები "მორიგი" და "ოქტომბერი" ამოდის და ჩნდება ჩანაწერი "2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან". ეს კი იმას ნიშნავს, რომ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება კონსტიტუციაში შესული ცვლილებების ძალაში შესვლას ხელს ვერ შეუშლის.

კონსტიტუციასა და რეგლამენტში შესატანი ცვლილებების ერთ-ერთმა ავტორმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ვახტან ხმალაძემ "ინტერპრესნიუსს" დაუდასტურა, რომ თავს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისთვის იზღვევენ.

"თავის დროზე, 2010 წელს, როცა კონსტიტუციაში ცვლილებების პაკეტი მიიღეს, აღინიშნა: ჩანაწერი ისეთია, რომ შეიძლება ვერც ერთი ცვლილება, რომელიც მიღებულია, ვერ ამოქმედდეს. დღეს არსებული ჩანაწერი იმას ნიშნავს, რომ ცვლილებები მხოლოდ იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ საპრეზიდენტო არჩევნები იქნება მორიგი, მაინც და მაინც 2013 წელს და მაინცა და მაინც ოქტომბერის თვეში. ეს კი გამორიცხავს შემდეგს - თუ პრეზიდენტის უფლებამოსილება ვადამდე შეწყდა და, შესაბამისად, ამ შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები იმართება, თუნდაც ვადა ამ რიგგარეშე არჩევნებისა ოქტომბერს დაემთხვეს, არც ერთი ეს ცვლილება არ ამოქმედდება. შესაბამისად ძალაში დარჩება კონსტიტუციის მოქმედი ნორმები, ანუ გვეყოლება განუზომლად დიდი ძალაუფლებით აღჭურვილი პრეზიდენტი. ეს რომ არ მოხდეს, თავი რომ დავიზღვიოთ შემთხვევითობისგან, რაიმე მოულოდნელი გადაწყვეტილებისგან, საჭიროა, სიტყვები "მორიგი" და "ოქტომბერი" ამოვიღოთ და ცვლილებები 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან ამოქმედდეს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ვახტან ხმალაძემ.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას პარლამენტში სამი საკონსტიტუციო პროექტის ინიცირება მოხდა. პარლამენტი უახლოეს სესიაზე საჯარო-საყოველთაო განხილვის კომისიას შექმნის, რომლის ფარგლებშიც პროექტების განხილვის პირველი ეტაპი დაიწყება. კომისიის ამუშავებიდან ერთი თვის შემდეგ პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს. ხმალაძის ცნობით, ახალი საკონსტიტუციო პროექტების განხილვების დაწყების ყველაზე შორი ვადა აგვისტოს ბოლო, სექტემბრის დასაწყისია.