გელათი და მცხეთის ძეგლები საფრთხეში მყოფ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში რჩება, ბაგრატი კი ამ ნუსხაში აღარ იქნება

გელათი და მცხეთის ძეგლები საფრთხეში მყოფ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში რჩება, ბაგრატი კი ამ ნუსხაში აღარ იქნება

UNESCO-ს კომიტეტის 37-ე სესიის გადაწყვეტილებით, გელათის მონასტერი და მცხეთის ისტორიული ძეგლები საფრთხეში მყოფ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში რჩება, ბაგრატის ტაძარი კი ამ ნუსხაში აღარ იქნება.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

"გელათის მონასტერი და მცხეთის ისტორიული ძეგლები, UNESCO-ს კომიტეტის 37-ე სესიის გადაწყვეტილებით საფრთხეში მყოფ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში რჩება, ხოლო ბაგრატის ტაძრის ამ ნუსხიდან ამოღება დღეს გადაწყდა, რაც პროცესის დაწყებას ნიშნავს.

მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის კომიტეტმა, განიხილა რა დოკუმენტი (WHC-13/37.COM/7A, მცხეთის ისტორიული ძეგლები (საქართველო)) მიიღო გადაწყვეტილება მცხეთის ისტორიული ძეგლების (საქართველო) საფრთხეში მყოფ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში დატოვების შესახებ.

იუნესკოს კომიტეტის 37-ე სესიამ, შარშან მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის კომიტეტის 36-ე სესიისთვის შემუშავებული ბაგრატსა და გელათთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუცია ბაგრატის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღებისა და გელათის რენომინაციის მომზადების შესახებ, განხილვის გარეშე დაამტკიცა. კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას შანსს აძლევს და სთხოვს, რომ მოხდეს ძეგლის საზღვრების შეცვლა და სამომავლოდ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში მხოლოდ გელათი წარადგინოს.

იუნესკო გელათის საკითხთან დაკავშირებით კეთილ ნებას გამოხატავს, ქართულ მხარეს სთხოვს გელათის მსოფლიო მნიშვნელობის ძლიერ დასაბუთებას და მის ხელახალ წარდგენას, თუმცა კომიტეტი გარანტიას არ იძლევა, რომ გელათიც არ ამოვარდება მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 37-ე სესიას წელს კამბოჯა მასპინძლობს, რომელიც 17 ივნისს გაიხსნა.

ამ დროისთვის კომიტეტის სესიაზე, ქართული დელეგაცია კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის მარინე მიზანდარის ხელმძღვანელობით დამკვირვებლის სტატუსით იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან "ICOMOS საქართველოს" ორგანიზაციის გენერალური მდივანი ნატო ცინცაბაძე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი რუსუდან მირზიკაშვილი.