"ხელისუფლების უპრინციპობის გამო ანდჟეი ტიშკევიჩი ვადამდე ადრე გაიწვიეს"

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მტკიცებით, ხელისუფლების უპრინციპობის გამო საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი გენერალი ანდჟეი ტიშკევიჩი ვადამდე ადრე გაიწვიეს.

ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.

"სამწუხაროა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების უმოქმედობის გამო ამ განცხადების გაკეთება გვიწევს. საქმე ისაა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ანდჟეი ტიშკევიჩი ვადამდე ბევრად ადრე ასრულებს თავის მოღვაწეობას საქართველოში. 2011 წლიდან მოყოლებული, როდესაც ის საქართველოში მუშაობას შეუდგა, გენერალი ტიშკევიჩი გამოირჩეოდა ობიექტური და პრინციპული პოზიციით, რაც ძალიან მიუღებელი იყო რუსეთის ხელისუფლებისათვის და უნდა ითქვას, რომ საკუთარი დემარშის ადმინისტრირებისათვის აფხაზეთმა ის პერსონა ნონ-გრანტად გამოაცხადა. ამის მიუხედავად, წინა მთავრობა კატეგორიულად ამბობდა უარს რუსეთის ხელისუფლების ულტიმატუმის დაკმაყოფილებაზე. ძალიან და ამავე დროს უცნაურია, რომ გენერალი ტიშკევიჩი ვადამდე ადრე იქნა გაწვეული მისიიდან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არ მოხდებოდა, რომ არა დღევანდელი მთავრობის უპრინციპობა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ პრინციპული პოზიცია იქონიოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული ყველა დეტალის შესახებ. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ოკუპაციის დასრულების თვალსაზრისით. იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მომდევნო ხელმძღვანელი გენერალ ტიშკევიჩის საქმიანობის ღირსეული გამგრძელებელი იქნება", - განაცხადა მანჯგალაძემ.