ვენეციის კომისია

ვენეციის კომისია "მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის" კონონპროექტზე რეკომენდაციებს აქვეყნებს

ვენეციის კომისიამ 95-ე პლენარულ სესიაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ "მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის" შესახებ მომზადებული კონონპროექტი განიხილა. 

როგორც კომისიის დასკვნაშია აღნიშნული, საქართველოში ამნისტიის კანონი არ განხორციელდა "კანონის უზენაესობის ფუნდამენტური პრინციპების, კერძოდ, კანონიერების (მათ შორის, გამჭვირვალობის), თვითნებობის აკრძალვის, არადისკრიმინაციისა და კანონის წინაშე თანასწორობის შესაბამისად.

"უნდა იყოს შემუშავებული სასამართლოსთან დაკავშირებული მექანიზმი, რომელიც დროებით კომისიას საქმეების გადაწყვეტაში დაეხმარება. კრიტერიუმები, რომლებიც ამ მექნიზმებისთვის გამოიყენება, უნდა იყოს საჯარო, მათ შორის წარსულში გამოყენებული კრიტერიუმებიც. "მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის კანონპროექტი" ამ მექანიზმის უზრუნველსაყოფადაა", - ნათქვამია დასკვნაში.

კომისიის დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ არასამართლებრივი ორგანოს მიერ შესაძლო მასობრივი სამართლებრივი დარღვევების გამოძიება კითხვებს აჩენს ისეთ საკითხებთან მიმართებაში, როგორიცაა უფლებამოსილების განცალკევება და საქართველოს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი სასამართლო დამოუკიდებლობა, ასევე შესაძლოა გამოძიება საერთაშორისო სტანდარტებთან წინააღმდეგობაში მოვიდეს.

"ვენეციის კომისიას და მართლმსაჯულებისა და ადამიანთა ღირსების დირექტორატს არ გააჩნია პოზიცია იმასთან მიმართებაში, იყო თუ არა საქართველოში სამართლიანობის დარღვევა და ჰქონდა თუ არა მას სისტემური ხასიათი და, შესაბამისად, საჭიროა თუ არა დროებითი სახელმწიფო კომისიის შექმნა. მათი ერთადერთი მიზანია, წვლილი შეიტანონ იმ საქმეში, რომელიც უზრუნველყოფს ახალი მექანიზმის შესაბამისობას უფლებამოსილების განცალკევებით და საქართველოს კონსტიტუციით უზრუნველყოფილ სასამართლო დამოუკიდებლობასთან. თუმცა, ვენეციის კომისიასა და მართლმსაჯულებისა და ადამიანთა ღირსების დირექტორატს სურს ხაზი გაუსვას იმ ფაქტს, რომ კანონის უზენაესობის იმპერატივების მორიგება, რომლებიც ყველა კრიმინალური საქმის გადახედვის პროცესის დროს უნდა იყოს გამოყენებული, სირთულეს წარმოადგენს საქართველოს დღევანდელ სიტუაციაში, რომელიც ზედმეტად პოლარიზიებულია პოლიტიკური კონტექსტით და სასამართლოს შეზღუდული შესაძლებლობებით ხასიათდება", - ნათქვამია კომისიის დასკვნაში.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, ვენეციის კომისია და მართლმსაჯულებისა და ადამიანთა ღირსების დირექტორატი საქართველოს აძლევს რეკომენდაციას, რომ:

1. იმ საქმეების საბოლოო გადაწყვეტილება, რომლებიც ხელახლა იწარმოება, დარჩეს სასამართლო ორგანოებში. ამიტომ, 1-ელ მუხლში ტერმინი "განხილვა" უნდა შეიცვალოს უფრო ბუნებრივი ტერმინითი "შესწორება" ან რაიმე მსგავსი სიტყვით.

2. ის ფაქტი, რომ "მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის" დასკვნის საფუძველზე მოსარჩელეს აქვს გასაჩივრების უფლება, თავიდანვე უნდა იქნას განმარტებული (მუხლი 1-ელი);

3. "მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისია" კონცენტრირებული უნდა იყოს ინდივიდუალურ საქმეებზე და არ უნდა იტყობინებოდეს მართლმსაჯულების ხარვეზების სისტემურ მიზეზებზე.

4. საქმიანობის ანგარიში ხელისუფლებას უნდა გადაეცეს მხოლოდ კომისიის მიერ საქმის საბოლოო დასრულების შემდეგ;

5. "მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის" წევრებს მხოლოდ ფუნქციური იმუნიტეტი უნდა ჰქონდეთ (მუხლი 4);

6. მე-4 მუხლს უნდა დაემატოს გაუმჟღავნებლობის წესები;

7. "მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებით სახელმწიფო კომისიას" უნდა ჰქონდეს ერთი არაგანახლებადი ვადა (მუხლი 6), თუმცა პარლამენტს უნდა შეეძლოს შეუწყვიტოს "მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენ დროებით სახელმწიფო კომისიას" მანდატი იმ შემთხვევაში, თუ მეტი საქმეები აღარ იქნება განსახილველი.

8. "მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის" წევრები არ უნდა დაინიშნონ საპარლამენტო ფრაქციების მიერ და არ უნდა იყვნენ პოლიტიკური პარტიების წევრები (მუხლი 6). უნდა მოხდეს კანდიდატების საჯარო მოწვევა;

9. კომისიას უნდა შეეძლოს მისცეს რჩევა აპლიკანტს; გამართლებულ შემთხვევებში მოსარჩელეს უნდა გაეწიოს იურიდიული დახმარება;

10. "მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის" დროებითი კომპეტენცია უნდა იყოს გამართლებული ან განხილული (მუხლი 17);

11. საჩივრების წარდგენის ვადა უნდა გაგრძელდეს და წარდგენის დაწყების თარიღი უნდა გამოქვეყნდეს მედიაში ან ციხეებში (მუხლი 17);

12. "მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებით სახელმწიფო კომისიას" არ უნდა შეეძლოს პროკურატურისთვის დახმარების მოთხოვნით მიმართვა (მუხლი 19);

13. "მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენმა დროებითმა სახელმწიფო კომისიამ" მხოლოდ მოხსენება უნდა მიიღოს, რომელშიც ნათქვამი იქნება, რომ "მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენ დროებით სახელმწიფო კომისიას" აქვს მართლმსაჯულების ხარვეზების არსებობის "გონივრული ეჭვი" და მართლმსაჯულების ხარვეზების არსებობა მხოლოდ სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს.

14. "მართლმსაჯულების ხარვეზების სპეციალური პალატის" შექმნა საგანგებო სასამართლოების საკონსტიტუციო აკრძალვას ეწინააღმდეგება.