რიჩარდ ნორლანდი:   ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში კრიზისი ნამდვილად არ არის

რიჩარდ ნორლანდი: ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში კრიზისი ნამდვილად არ არის

ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში კრიზისი ნამდვილად არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა განუცხადა, რითაც ის საქართველოში ბოლო პერიოდში განხორციელებულ დაკავებებთან დაკავშირებით კონგრესის სახელით გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა. 

ნორლანდის თქმით, აღნიშნული დოკუმენტი კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ კენჭისყრის საფუძველზე უკვე მიიღო.

"ნამდვილად არ არის კრიზისი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში. კონგრესი მრავალი წლის განმავლობაში ადევნებს თვალს საქართველოში დემოკრატიული პროგრესის მიმდინარეობას და, როდესაც რადარზე ამოვა რაღაც, ამ შემთხვევაში ეს არის ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაპატიმრება, კონგრესი თავის სიტყვას ამბობს ხოლმე. ტექნიკური მნიშვნელობა აქვს, კარგად ვიცოდეთ, რა ხდება. აშშ-ის კონგრესი შედგება ორი პალატისგან – წარმომადგენლობითი პალატისაგან და სენატისგან. ეს დოკუმენტი წარმომადგენლობითმა პალატამ უკვე მიიღო, თუმცა ჯერ არ განხილულა სენატში, ამჯერად ჯერ არაა შესული, როგორც ამერიკის კანონი", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

მისივე განმარტებით, აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობა "ნამდვილად მტკიცეა".

"ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას ჩვენს ქართველ პარტნიორებთან რომ საქართველოში დემოკრატიის ხარისხი იყოს უფრო მაღალი და ქვეყანამ აქტიურად იმუშაოს ეკონომიკურ განვითარებაზე, მათ შორის სამუშაო ადგილების შექმნასა და ინვესტიციების მოზიდვაზე. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ იმ ინფორმაციით, რომელიც მე მაქვს, ნამდვილად მოხდა ამ დოკუმენტის კენჭისყრა წარმომადგენლობითი პალატის მიერ, თუმცა შესაძლოა სენატს განსხვავებული შეხედულება ჰქონდეს და მისთვის არ იყოს მისაღები ის ენა, რომლითაც წარმომადგენლობითი პალატა საუბრობს. ამ შემთხვევაში დოკუმენტის გადაცემა მოხდება ე.წ. კონგრესის კონფერენციის კომიტეტისთვის, სადაც გაიმართება მასზე შეჯერება", - აღნიშნა ნორლანდმა.