"ნაციონალები" მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი კომისიის შექმნაზე შეშფოთებას გამოთქვამენ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ესაა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მცდელობა, პოლიტიკური მოტივებით შექმნილი დროებითი კომისიის მეშვეობით ჩაერიოს სასამართლო ხელისუფლების კომპეტენციაში და კომისია გამოიყენოს პოლიტიკური ოპონენტების დევნისათვის.

მათივე ინფორმაციით, მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის შექმნის პოლიტიკურ მოტივებზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ კომისია მხოლოდ 2004 წლის შემდგომი პერიოდის საქმეების შესწავლას აპირებს და ყურადღების მიღმა ტოვებს 2004 წლამდელი პერიოდის საქმეებს.

"ნაციონალურ მოძრაობაში" მიიჩნევენ, რომ საქართველოს კონსტიტუცია კრძალავს სასამართლო სისტემის გარეთ სისხლის სამართლის ნებისმიერი კონკრეტული საქმის განხილვას.
განცხადებაში "ნაციონალურ მოძრაობას" მაგალითად მოჰყავს ვენეციის კომისიის დასკვნის ის მუხლები, რომელიც იზიარებს შეშფოთებას მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით.

"ამ შეშფოთებას იზიარებს ვენეციის კომისია, რომლის დასკვნაში ვკითხულობთ: "14. მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენმა დროებითმა სახელმწიფო კომისიამ უნდა მიიღოს მხოლოდ ანგარიში, რომელიც იტყვის, რომ კომისიას აქვს "გონივრული ეჭვი" მართლმსაჯულების ხარვეზების შესახებ, ხოლო თავად ხარვეზის ფაქტის დადგენა უნდა მოხდეს სააპელაციო სასამართლოს მიერ. კომისიის ანგარიშის საფუძველზე სასამართლო წარმოების განახლების უფლებამოსილება უნდა ჰქონდეს სააპელაციო სასამართლოს.

15. "მართლმსაჯულების ხარვეზების აღმოსაფხვრელი სპეციალური პალატის" შექმნა წინააღმდეგობაში მოდის საკონსტიტუციო ნორმასთან, რომ დამატებითი სპეციალური სასამართლოების შექმნა დაუშვებელია.

16. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ვენეციის კომისიას და ევროპის საბჭოს სამართლისა და ადამიანის უფლებების დირექტორატს არ აქვს პოზიცია, მართლაც ხდებოდა მართლმსაჯულების არასწორი აღსრულება ანდა თუ ხდებოდა, ჰქონდა თუ არა ამას სისტემური ხასიათი და ამიტომ საჭიროა თუ არა დროებითი სახელმწიფო კომისიის შექმნა. მათ მხოლოდ იმაში შეუძლიათ წვლილის შეტანა, რომ შემოთავაზებული მექანიზმი, რამდენადაც შესაძლებელია, შესაბამისობაში იყოს ძალაუფლების დანაწილებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის იმ პრინციპებთან, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციაშია ჩადებული. ამის მიუხედავად, ვენეციის კომისიას და ევროპის საბჭოს სამართლისა და ადამიანის უფლებების დირექტორატს სურს ხაზი გაუსვას, რომ რთული ჩანს ერთმანეთს მოერგოს კანონის უზენაესობის მოთხოვნები, რომლებიც სისხლის სამართლის კონკრეტული საქმეების ხელახალი განხილვის ნებისმიერ პროცესს და დღევანდელი საქართველოს სპეციფიური გარემოებები, კერძოდ, ძალიან პოლარიზებული პოლიტიკური კონტექსტი და სასამართლო სისტემის მცირე მოცულობა. ამ კონტექსტში, ვენეციის კომისია და ევროპის საბჭოს სამართლისა და ადამიანის უფლებების დირექტორატი მიუთითებენ ძალიან განსხვავებულ გარემოებებზე, რომლებშიც ევროპაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების გადამხედავი კომისიები მოქმედებდნენ", - აღნიშნულია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.