გიგი უგულავა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გამორიცხავს

გიგი უგულავა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გამორიცხავს

თბილისის მერი, გიგი უგულავა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გამორიცხავს. როგორც უგულავამ აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, შესაბამისად "ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერში მონაწილეობას არ აპირებს.

მისივე განმარტებით, სურს საკუთარი თავი და საქმიანობა მთლიანად ქალაქის პრობლემების მოგვარებას მიუძღვნას.

"არც არჩევნებში და, შესაბამისად, არც პრაიმერში მონაწილეობას არ ვაპირებ. ქალაქში პრობლემებს რა დალევს. გვაქვს ახალი გეგმები, ახალი ინიციატივები. ერთი წელია ადგილობრივ არჩევნებამდე დარჩენილი და მინდა ჩემი თავი და საქმიანობა მთლიანად მივუძღვნა ქალაქს, ნაკლებად ვიყო ჩართული პოლიტიკურ ცხოვრებაში და მეტად საქალაქო ცხოვრებაში", - განაცხადა უგულავამ.

რაც შეეხება უშუალოდ პრაიმერს, დედაქალაქის მერი აღნიშნული სტანდარტის დამკვიდრებას მიესალმება და ფიქრობს, რომ არა მარტო საპრეზიდენტო, არამედ ყველა მნიშვნელოვან პოსტზე კანდიდატი სწორედ ამ გზით უნდა შეირჩეს.