"იარაღის საწყობები სპეციალური განკარგულებებით, საიდუმლო დოკუმენტების საფუძველზეა შექმნილი"

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, იარაღის საწყობები სპეციალური განკარგულებებით, საიდუმლო დოკუმენტების საფუძველზეა შექმნილი და შსს-ს ამაზე სრული ინფორმაცია აქვს. 

ამის შესახებ წიკლაურმა შს სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმად, სამეგრელოში ყოფილი ხელისუფლების მიერ მიწისქვეშ შენიღბულად მოწყობილი, დაფარული სამალავები აღმოაჩინეს.

"გუშინ შიდა საწყობები კიდევ ერთხელ იქნა გამოყენებული პოლიტიკური სპეკულაციებისთვის. შარშან ნოემბერში უკანონო საწყობებზე ინფორმაცია პირველად გამოაქვეყნეს, ახლა მოხდა ამ ინფორმაციის გამოტანა საჯაროდ, უკვე მეორედ. მინდა, განვმარტო, რომ იარაღის საწყობები შექმნილია სპეციალური განკარგულებებით, საიდუმლო დოკუმენტების საფუძველზე. აქვე გეტყვით, რომ თავდაცვისა და შს სამინისტროები აღნიშნული საწყობების გეოგრაფიული მდებარეობის სრულ რუკას ფლობენ. ახლა ერთ-ერთ საწყობში მივიდნენ, რაღაც წამლები და ფურცლები დააყარეს და ამბობენ, ვითომ რაღაც აღმოაჩინეს", - განაცხადა წიკლაურმა.

უმცირესობის წევრი აღნიშნულ ფაქტს "თალიბების" სახელით გავრცელებულ ვიდეოებს უკავშირებს.

"მე მიმაჩნია, რომ ხელისუფლებამ უკვე იცის, თუ ვინ იყო ვიდეოების ავტორი და შეგნებულად ცდილობს ამ ინფორმაციის გადაფარვას. არ უნდათ დაასახელონ ადამიანი, ვინც ეს გააკეთა. უკვე საკმაოდ ბევრი დრო გავიდა იმისთვის, რომ ეს ძალიან მარტივი საქმე გახსნილიყო და მუქარის შემცველი ვიდეოების ავტორის ვინაობა ცნობილი გამხდარიყო. აქ არაფრის გაკეთება არ არის საჭირო გარდა იმისა, რომ ხელისუფლებამ უბრალოდ ვიდეოების ავტორთა ვინაობა უნდა დაასახელოს", - აღნიშნა წიკლაურმა.