წიკლაური არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ ფოცხვერიას თავისუფლების სანაცვლოდ გარკვეული პირობა შესთავაზა

წიკლაური არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ ფოცხვერიას თავისუფლების სანაცვლოდ გარკვეული პირობა შესთავაზა

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ნუგზარ წიკლაური არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ ე.წ. კანონიერ ქურდს ტარიელ ფოცხვერიას თავისუფლების სანაცვლოდ გარკვეული პირობა შესთავაზა.

ამის შესახებ წიკლაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ე.წ. კანონიერი ქურდის ტარიელ ფოცხვერიას მეორედ დაპატიმრებას გამოეხმაურა.

"დავიწყოთ იქიდან, რომ თავის დროზე ტარიელ ფოცხვერია ციხის ბუნტის ორგანიზებისთვის დააკავეს, თუმცა ის ვადამდე ადრე ამნისტიით გაათავისუფლეს. ეს ჩემთვის მიუღებელი იყო, მაგრამ ამნისტიის პირობად სახელდებოდა ფოცხვერიას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და იყო საუბარი, რომ მას შესაძლებლობა მისცემოდა, ის რამდენიმე თვე, რაც დარჩენილი აქვს, ახლობლებთან გაეტარებინა. ამის მიუხედავად, ახლა ვიგებთ, რომ ის კვლავ დაიჭირეს. გასაოცარია, რომ ეს ხდება გათავისუფლებიდან 10 დღეში. ჩნდება ეჭვი, რომ ის ციხიდან რაღაც პირობით გამოუშვეს და ამ პირობის შეუსრულებლობის გამო კვლავ დაიჭირეს", - განაცხადა წიკლაურმა.

შეგახსენებთ, რომ შს სამინისტროს ინფორმაციით, ტარიელ ფოცხვერია კანონიერი ქურდობის ბრალდებით დააკავეს.