"ვერ" მიგვაქვს ჩვენი სიმართლე სხვებთან თუ "არ" მიგვაქვს?"

სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას კითხვას უსვამს, "ვერ" მიგვაქვს ჩვენი სიმართლე საერთაშორისო თანამეგობრობასთან, თუ "არ" მიგვაქვს?". 

ზურაბიშვილის facebook-ის საკუთარ გვერდზე საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობას შორის ურთიერთობაზე წერს.

"პრობლემა ისიც არის, რომ ჩვენ თვითონ მივანიჭეთ ევროსაბჭოს საპარალამენტო ასამბლეას მნიშვნელობა, რომელიც მას არ გააჩნია და ძალიან დიდ დროს და ყურადღებას ვუთმობთ... მაგრამ ამავე დროს ვუბრუნდები ჩემს უკვე მერამდენეთვიან შენიშნვას - არ შეიძლება, ახალ ხელისუფლებამ (რომელიც არჩეულ იქნა ლობისტების მიერ გაპიარებულ ხელისუფლების შემდეგ) თავისი თავი არ გააცნოს მსოფლიოს, თავის მიზნებიანად და აუხსნას ზოგიერთი ზომების აუცილებლობა და პრობლემების დაძლევის თავისი გზა. ჩვენ როგორც პატარა ქვეყანა იგნორირებას ვერ გავუკეთებთ მსოფლიოს. გვინდა, თუ არ გვინდა, მოგვწონს, თუ არ მოგვწონს, საერთაშორიო თანამეგობრობის განუყოფელი ნაწილი ვართ. ჩვენ თუ არ მივუტანთ ჩვენ სიმართლეს, მაშინ ნუ გვიკვირს, რომ "ნაცმოძრაობა", რომელსაც ამისი დიდი პრაქტიკა გააჩნია და დღეს სხვა საქმე არაა აქვს, თავის მავნებლურ საქმიანობას აქტიურად აგრძელებდეს. ვიკითხოთ, ჩვენ სადა ვართ და ქვეყნის იმიჯს, ამ ქვეყანაში სამართლიანობის და დემოკრატიის აღდგენის აუცილებლობას რატომ არ ვამცნობთ და ვუხსნით არგუმენტირებულად მსოფლიოს? დრო გადის, ჩვენს მიმართ არასწორი მოსაზრებები მკვიდრდება, რისი შემდეგ გამოსწორება ბევრად ძნელია. "ვერ" მიგვაქვს ჩვენი სიმართლე სხვებთან თუ "არ" მიგვაქვს? და რატომ? სხვათაშორის იგივე კითხვა ისმის შიგნით: საქართველოს მოსახლეობა მეტის ღირსია და უნდა აეხსნას ქვეყნის პრიორიტეტები, სირთულეები, შემდეგი ნაბიჯები დ სტრატეგიები. დრო დადგა, რომ საზოგადოება მიჩნეულ იქნას თავისი ხელისუფლებისგან, როგორც სრულყოფილი სუბიექტი და თანაბარი პარტნიორი. ამ საზოგადოების ზრდის და ფეხზე დადგომის სხვა გზა არ არსებობს", - აცხადებს ზურაბიშვილი.