დავით უსუფაშვილი:  ჩვენ რთული ამოცანის წინაშე ვდგავართ, რადგან ხალხის მოლოდინი მაღალია

დავით უსუფაშვილი: ჩვენ რთული ამოცანის წინაშე ვდგავართ, რადგან ხალხის მოლოდინი მაღალია

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ევროკავშირისა და ნატო-სკენ საქართველოს სვლას ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში გამოსვლისას გაუსვა ხაზი. 

უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყნის საგარეო კურსი არ იცვლება და ამის ერთ-ერთ მაგალითად, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია დაასახელა. მისი თქმით, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხს საქართველოსთვის ალტერნატივა არ აქვს.

"არის საკითხები, რაზეც ახალ მთავრობას ახალი შეხედულებები აქვს - ეს არის რუსეთი. ჩვენ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრების რჩევას ვითვალისწინებთ, რომ მასთან ურთიერთობები უნდა გავაუმჯობესოთ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპარლამენტს ინფორმაცია მიაწოდა იმ კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რომელიც რუსეთთან ურთიერთობების მიმართულებით გადაიდგა და აღნიშნა, რომ უსაფრთხოება ის საკითხია, რაზეც ქართული მხარე რუსეთთან ვერ თანხმდება.

დავით უსუფაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ნატო-ს სამშვიდობო მისიებში მონაწილეობაზე და აღნიშნა, რომ ქვეყანა ავღანეთის მისიაში მონაწილეობას არ შეწყვეტს.
"უფრო მეტიც, საქართველო რჩება ერთგული ევროკავშირის მისიების მიმართ და მზად არის, მალის მისიაშიც ჩაერთოს", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში გამოსვლისას ყურადღება ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებზეც გაამახვილა. კერძოდ, სასამართლო სისტემის რეფორმირებაზე, თვითმმართველობის სისტემაში ცვლილებების გახორციელების გეგმაზე, ასევე ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებულ პროცესებზე და 17 მაისის ინციდენტზე.

"ის, რაც წინა ხელისუფლების დრო წარმატებული იყო, მას ახალი ხელისუფლება აგრძელებს, მაგრამ იმავდროულად საჭიროა ცვლილებები იქ, სადაც არასწორად კეთდებოდა. ჩვენ რთული ამოცანის წინაშე ვდგავართ, რადგან ხალხის მოლოდინი მაღალია", - მიმართა ევროპელ კოლეგებს დავით უსუფაშვილმა.