სახალხო დამცველი სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკავებულ თანამშრომლებზე სპეციალურ განცხადებას გაავრცელებს

სახალხო დამცველი სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკავებულ თანამშრომლებზე სპეციალურ განცხადებას გაავრცელებს

სახალხო დამცველი სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების შესახებ სპეციალურ განცხადებას გაავრცელებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ომბუდსმენის აპარატი უკვე სწავლობს გლდანის #8 დაწესებულებაში მყოფი სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნების მდგომარეობას. 

უჩა ნანუაშვილის თქმით, იგი ინფორმირებულია დაკავებულების ადვოკატის განცხადების შესახებ. დაკავებულების ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა აღნიშნა, რომ პროკურორი და გამომძიებელი გლდანის ციხის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით მისი დაცვის ქვეშ მყოფ ხუთ ყოფილ მაღალჩინოსანზე ზეწოლას და არაადამიანურ მოპრყობას ახდენენ. უჩა ნანუაშვილის თქმით, სახალხო დამცველის დამკვირვებლები რამდენჯერმე იმყოფებოდნენ დაკავებულებთან და ამჟამადაც მათ მდგომარეობას სწავლობენ.

"რამდენიმე ხნის წინ ჩვენს დამკვირვებლებთან საუბრისას რამდენიმე დაკავებულმა მაღალჩინოსანმა აღიარა, რომ მათზე ზეწოლას ჰქონდა ადგილი. ჩვენ აღნიშნულს ვსწავლობთ და ამასთან დაკავშირებით გავაკეთებთ სპეციალურ განცხადებას", - აღნიშნა ომბუდსმენმა.

"ინტერპრესნიუსის" შეკითხვაზე, ახალი ხელისუფლების პირობებში რამდენად ხშირია პროკურორების, გამომძიებლების და ციხის ადმინისტრაციის მხრიდან დაწესებულებებში პატიმრებზე ზეწოლის ფაქტები, ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ განსხვავება ის არის, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში თითოეულ დადასტურებულ ფაქტზე რეაგირება ხდება.

"ჩვენი ანგარიშის მიხედვით, 50 თანამშრომელზე დაიწყო მოკვლევა და ისინი გათავისუფლდნენ სამსახურებიდან. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა გამოვლენილ ფაქტზე, რომელიც პატიმარზე ზეწოლას ან არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს, რეაგირება მოხდება", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

სამართალდამცავებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ექსპერტებზე ზეწოლისთვის დააკავეს.