ლევან ალაფიშვილი:  თუ სააკაშვილი ვადამდე გადადგა, კონსტიტუციის საშემოდგომო მოდელი არასოდეს ამოქმედდება

ლევან ალაფიშვილი: თუ სააკაშვილი ვადამდე გადადგა, კონსტიტუციის საშემოდგომო მოდელი არასოდეს ამოქმედდება

თუ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თანამდებობიდან ვადაზე ადრე გადადგა, კონსტიტუციის საშემოდგომო მოდელი არასოდეს ამოქმედდება , - ამის შესახებ იურისტმა ლევან ალაფიშვილმა "პრაიმტაიმის" პრესკლუბში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მისი განმარტებით, საკონსტიტუციო ცვლილებებში, რომელიც ძალაში შემოდგომაზე უნდა შევიდეს და რომლის მიხედვითაც, პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებები იზრდება, მითითებულია, რომ აღნიშნული ცვლილებები ძალაში შედის 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების დღიდან.

იურისტის განცხადებით, თუ მიხეილ სააკაშვილი თანამდებობიდან ვადაზე ადრე გადადგა, აღნიშნული ნორმა დარჩება ქაღალდზე და არ ამოქმედდება. მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა 1 აგვისტომდე უნდა გამოაცხადოს მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი, თუმცა 1 აგვისტომდე მას შეუძლია რომ გადადგეს.

ალაფიშვილის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის გადადგომის შემთხვევაში, საზოგადოება მომდევნო პრეზიდენტს აირჩევს იმავე უფლებამოსილების მქონეს, როგორიც პრეზიდენტის ინსტიტუტი დღეს არის. ამასთან, მისივე თქმით, სააკაშვილის გადადგომის შემთხვევაში, კოალიციის შიგნით, შესაძლოა, ახალ საპრეზიდენტო კანდიდატზე მსჯელობა დაიწყოს, რადგან საპრეზიდენტო კანდიდატ გიორგი მარგველაშვილს გაუჭირდება იყოს წარმატებული.

ალაფიშვილის განცხადებით, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნება, რომ მოქალაქეობის საკითხის დარეგულირების შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრმა და კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატად საკუთარი კანდიდატურა წამოაყენოს.

ამასთან, ლევან ალაფიშვილი ვარაუდობს, რომ მიხეილ საააკშვილს გადადგომა ოპტიმალურ პირობებში ჩააყენებს, რადგან მისი ასაკიდან გამომდინარე, სამომავლოდ მას რჩება შანსი, რომ პოლიტიკაში დარჩეს.