თეა წულუკიანი სომხეთის მაგალითით დაინტერესდა

თეა წულუკიანი სომხეთის მაგალითით დაინტერესდა

"საქართველო უკანასკნელი ქვეყანაა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც ნარკოტიკების მომხმარებლებს სისხლის სამართლის დამნაშავეებად განიხილავს და ჩვენ ამ მიდგომის შესაცვლელად ვმუშაობთ", − ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სომხეთის გენერალურ პროკურორ ავჰან ჰოვსეპიანთან შეხვედრისას განაცხადა. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, ერევანში ვიზიტით მყოფი თეა წულუკიანი დაინტერესდა, გაიზარდა თუ არა ნარკომომხმარებელთა რიცხვი მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ ნარკომომხმარებლის (რომელიც, ამავე დროს, არ არის რეალიზატორი) ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულის კატეგორიიდან ამორიცხა.

გენერალური პროკურორის − ავჰან ოვსეპიანის თქმით კი, სომხეთში კანონმდებლობის ლიბერალიზაციას ნარკომომხმარებელთა მიმართ ადმინისტრაციული სახდელის გამოყენებით სიტუაცია არ გაუუარესებია.

"პირიქით, ისინი ამოვიდნენ სარდაფებიდან და დროთა განმავლობაში ინტერესიც დაიკარგა ნარკოტიკების მოხმარების მიმართ. ამჯერად, ოფიციალური სტატისტიკით, სომხეთში ნარკომომხმარებელთა რიცხვი საკმაოდ დაბალია", − აღნიშნა ჰოვსეპიანმა.

მან გაიხსენა ის "რევოლუციური" ინსტრუქცია, რომლის მიხედვითაც, გამომძიებლებს დაავალა − ნარკომომხმარებელთა დაკავების ნაცვლად, ნარკოქსელის აღმოჩენასა და რეალიზატორების გამოვლენაზე ემუშავათ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სხვა საკითხებსაც, კერძოდ, საქართველოსა და სომხეთს შორის სამართლის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა იმ რეფორმის შესახებ ისაუბრა, რომელიც პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებებს ერთმანეთისგან მიჯნავს.
"საქართველო ეძებს სწორ ადგილს პროკურატურისთვის", − აღნიშნა თეა წულუკიანმა.

შეხვედრაზე მხარეებმა მოკლედ მიმოიხილეს სომხეთის გენერალური პროკურატურის განვითარების ეტაპები სომხეთის დამოუკიდებლობიდან დღემდე, თუ როგორ შეიცვალა კანონმდებლობა და როგორ დაიხვეწა პროკურატურის სტრუქტურა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მსგავს საკითხებში ყველა ქვეყანას თავისი გამოცდილება აქვს.

"ჩვენი მთავრობის სურვილია, დასრულდეს რომელიმე ერთი ქვეყნის გამოცდილების ბრმად კოპირება. ჩვენ გვსურს, ვიპოვოთ ის მოდელი, რომელიც დემოკრატიული და ჩვენთვის ყველაზე ორგანული იქნება", − განაცხადა თეა წულუკიანმა.