"ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს საქართველოს შიდა უთანხმოებები ხელს არ შეუშლის"

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, "ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს საქართველოს შიდა უთანხმოებები ხელს არ შეუშლის".

ამის შესახებ უსუფაშვილმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც ის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს მართავს.

პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდა ევროკავშირის ვაჭრობის კომისარს კარელ დე გუხტს, რომელმაც მადლობა გადაუხადა დავით უსუფაშვილს იმ კონსტრუქციული როლისათვის, რასაც პარლამენტი დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში ასრულებს. ევროკომისარმა აღნიშნა, რომ პარლამენტს სამომავლო დოკუმენტების გაფორმების დაჩქარებაში მნიშვნელოვანი მისია ეკისრება.

"ახალი ხელისუფლების სურვილია, კიდევ ერთხელ დაადასტუროს ქვეყნის ევროპისაკენ სწრაფვა. დღევანდელი პარლამენტი უფრო ევროპულია ვიდრე ოდესმე. მასში წარმოდგენილია ფართო პოლიტიკური სპექტრი. ვილნიუსის სამიტს ჩვენ ყველა დიდი იმედებით ველით. ქვეყანაში ხელისუფლების გადაცემის პროცესი მშვიდობიანად წარიმართა. საკანონმდებლო ორგანო აღმასრულებელ ხელისუფლებას გვერდში უდგას და ამავდროულად ასრულებს მის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას - აკონტროლებს მთავრობის საქმიანობას", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მან, ასევე, კოჰაბიტაციის რთულ პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს ქვეყნის შიდა უთანხმოებები ხელს არ შეუშლის.

პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკომისარს რჩევებისა და რეკომენდაციების თხოვნით მიმართა და მომავალი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.