"ჩვენი კოჰაბიტაციური რეალობისთვის ვეტოსშეუკავებლობაა დამახასიათებელი"

განათლებისა და მეცნირების მინისტრის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, "მუდმივად ხორციელდება იმ რეფორმების პოლიტიზირება და გაჩერება, რომელთა ვალდებულებაც განათლებისა სამინისტროს აქვს".

ასე გამოეხმაურა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "მთავარ ფაქტორში" სტუმრობისას მარგველაშვილი რეზიდენციაში სტუდენტებთან შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტის მიერ ‘’უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებზე გაკეთებულ განცხადებას.

"სააკაშვილის ასეთი აქტიურობა, ნებისმიერი ნაბიჯი, რომელსაც ვდგამ, ვეტოირებულია და ჩვენი კოჰაბიტაციური რეალობისთვის ვეტოსშეუკავებლობაა დამახასიათებელი, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის ასეთი ქმედებები ჩემთვის მაინცდამაინც უცხო არ არის, მე მადარდებს, რომ მუდმივად ხორციელდება იმ რეფორმების უკვე პოლიტიზირება და გაჩერება, რომელთა მიზანიცა და ვალდებულებაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აქვს. რა შეიძლება, იყოს გაუგებარი იმაში, რომ ჩვენ ვახორციელებთ ძირითადი ფინანსური მენეჯმენტის პირინციპის შეტანას სისტემაში. არანაირ ხელფასებს არ ვაწესებთ, გარდა იმისა, რომ ვამბობთ, რომ კვლევაზე, მეცნიერებაზე, ლექტორებსა და პროფესურაზე უნდა წავიდეს X და ვერ წავა თვისობრივად მეტი ფული ადმინისტაციის შენახვაზე, ძვირადღირებულ მანქანებზე", - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, "არც არავის არ უთქვამს, რომ რექტორს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს".

"თურმე რექტორი პრემიერ-მინისტრმა არ უნდა დანიშნოს, არც არავის არ უთქვამს, რომ ნიშნავს. ყველგან ხაზგასმული იყო, რომ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, თუ მიმდინარე კონტრაქტი შეუწყდა რექტორს, ამ შემთხვევაში დახმარება გარედან ხდება", - დასძინა მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის აზრით, პარლამენტს "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის რესურსი არ გააჩნია.

ამის შესახებ სააკაშვილმა პრეზიდენტის რეზიდენციაში, სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

"ჩვენ შეკრებას აქვს ძალა, მნიშვნელობა, იმიტომ რომ პრეზიდენტს აქვს უფლება, კანონს დაადოს ვეტო, თუ თქვენი თანხმობა არ იქნა და აღარ მგონია, რომ პარლამენტს ჰქონდეს ამ ვეტოს გადალახვის რესურსი, ვინაიდან იქ იყო სერიოზული აზრების გაყოფა მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობაში, ამიტომ მე მინდა, რომ ჩვენ ერთად ვიმსჯელოთ და ვუთხრათ კანონმდებელს, რა უნდა გააკეთოს. არ ვაპირებ ფართო პოლიტიკური განცხადების კეთებას, იმიტომ, რომ განათლებაა არაა პარტიული თემა, თუმცა ყველას გვაღელვებს, რა იქნება საქართველოს მომავალი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.