დავით უსუფაშვილი ევროპარლამენტარებს EPP-დან

დავით უსუფაშვილი ევროპარლამენტარებს EPP-დან "ევროპელ კანდელაკებს" უწოდებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ევროპარლამენტარებს EPP-დან (ევროპის სახალხო პარტია) "ევროპელ კანდელაკებს" უწოდებს.

ამის შესახებ უსუფაშვილმა ბრიუსელში ვიზიტისას განაცხადა, სადაც ის ვეროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

ევროპარლამენტარების კითხვების უმეტესი ნაწილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის დაკავებას და ციხეში მის პირობებს ეხებოდა. ზოგიერთმა მათგანმა მერაბიშვილის დაკავება "პოლიტიკურ ვენდეტად" შეაფასა და აღნიშნა, რომ იულია ტიმოშენკო უკრაინის ციხეში უკეთეს პირობებში იმყოფება, ვიდრე მერაბიშვილი – საქართველოში. დავით უსუფაშვილმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ "საქართველოში შერჩევით სამართალს ადგილი არ აქვს და თუ ვინმეს ამაში ეჭვი ეპარება, შეუძლია, საქართველოში ჩამოვიდეს და პროცესებს დააკვირდეს".

"როგორც მოსალოდნელი იყო რამდენიმე პიროვნება EPP-დან ანუ ევროპის სახალხო პარტიიდან აგრძელებს თავის ქმედებებს ისე, როგორც დღემდე მუშაობდნენ. ქართველი მაყურებლისთვის რომ გასაგები იყოს რაზეა საუბარი, ევროპელი კანდელაკები - მაგალითად ასე შემიძლია, დავახასიათო, ანუ ისეთივე ერთგული მხარდამჭერები მიხეილ სააკაშვილის და მისი პარტიის, როგორც საქართველოშია ბატონი გიორგი კანდელაკი", - განაცხადა უსუფაშვილმა ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას და დასძინა, რომ "მათი დრო პოლიტიკურ ცხოვრებაში მიდის ან წასულია, მაგრამ ჩვენ უნდა შევეგუოთ, რომ პოლიტიკური განწყობები არის არამხოლოდ ეროვნულ დონეზე, არამედ - საერთაშორისოზეც".

"ადამიანებმა, რომლებმაც წლების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილი წარმოაჩინეს როგორც დემოკრატიის შუქურა, დღეს რომ მათგან სხვა რამეს ველოდეთ, წარმოუდგენელია", - აღნიშნა უსუფაშვილმა.