ავტომანქანის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებული საკითხები ახლებურად დარეგულირდება

ავტომანქანის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებული საკითხები ახლებურად დარეგულირდება

ავტომანქანის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებული საკითხები ახლებურად დარეგულირდება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით ცვლილება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შედის. კანონპროექტის ინიცირება ბიუროს გუშინდელ სხდომაზე მოხდა.
მოქმედი კანონმდებლობით, იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრე არ იბრუნებს ავტომანქანას, ან ავტომანქანის მესაკუთრის ვინაობა დაუდგენელია, პროკურორი შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, ავტომანქანის სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შესახებ.

წარმოდგენილი კანონპროექტით კი, პროკურორს დაეკისრება ვალდებულება, ორივე შემთხვევაში (როცა მესაკუთრე არ იბრუნებს, ან უცნობია მისი ვინაობა) მიმართლოს სასამართლოს შუამდგომლობით ავტომანქანის სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შესახებ, ხოლო სასამართლო შუამდგომლობას განიხილავს ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობით, შეაფასებს საქმის გარემოებებს, პროკურორისა და დაინტერესებული მხარეების მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და მათ საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის, ან იმ პირისთვის გადაცემის შესახებ, რომელმაც შეიძინა ეს ავტოსატრანსპორტო საშუალება და შეძენის მომენტისთვის არ იყო და არც შეიძლებოდა ყოფილიყო ინფორმირებული სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებით ჩადენილი დანაშაულის შესახებ.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს მე-80 მუხლში არსებული ვადების ახლებურ რეგლამენტაციას, რითაც ზუსტდება და იხვეწება ამ მუხლებით გათვალისწინებული პროცედურა.
ამავდროულად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 80-ე მუხლში დაკონკრეტდება სასამართლოს მიერ შუამდგომლობის განხილვისა და მიღებული განჩინების გასაჩივრების წესი და სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში გასაჩივრების უფლება მიეცემა პროკურორთან ერთად დაინტერესებულ პირს სასამართლოს განჩინების გამოტანიდან 48 საათში.

გარდა ამისა, კოდექსს ემატება 332-ე მეორე პრიმა მუხლი, რომლის მიხედვით, 2013 წლის პირველ ივლისამდე დაწყებული გამოძიების შემთხვევაში, თუ მესაკუთრე (მფლობელი) დადგენილ ვადაში არ დაიბრუნებს სატრანსპორტო საშუალებას, ასევე თუ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ან კანონიერი მფლობელი არ არის ცნობილი, გამოძიების სტადიაზე გამომძიებლის დადგენილებით, ხოლო სასამართლოში – სასამართლოს განჩინებით აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება დაუბრუნდება იმ პირს, რომელმაც შეიძინა იგი და შეძენის მომენტისთვის არ იყო და არც შეიძლებოდა ყოფილიყო ინფორმირებული სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებით ჩადენილი დანაშაულის შესახებ.

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას განმარტებით, საუბარია ისეთ შემთხვევებზე, როდესაც სისხლის სამართლის საქმეებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ამოღება ხდებოდა და მათი უკან დაბრუნება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, რადგან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში პირდაპირ არის გაწერილი პროცედურები, რომელიც გარკვეულ პრობლემებსა და ხარვეზს ქმნის.

ბესელიას ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით 300-ზე მეტი შემთხვევაა ოფიციალურად აღრიცხული და წარმოებაში მიმდინარე, თუმცა მათთვის კიდევ უფრო მეტი შემთხვევაა ცნობილი.