მიხეილ სააკაშვილი:  შეუძლებელია, გულზე არ ვსკდებოდე, როცა კონგრესი ასეთ განცხადებას იღებს

მიხეილ სააკაშვილი: შეუძლებელია, გულზე არ ვსკდებოდე, როცა კონგრესი ასეთ განცხადებას იღებს

საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებულ განცხადებას კატასტროფას უწოდებს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრისას აღნიშნა, დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველომ დემოკრატიის საქმეში უკან დაიხია. "ვიღაცებმა თქვეს – "ვითომ სააკაშვილს არ გაუხარდა, ეს ხომ იმ მთავრობაზეა, რომელიც სააკაშვილს ებრძვის", მაგრამ - ასე მოაზროვნე ხალხისგან განსხვავებით მე არ ვარ იმ ძველი ფეოდალური ტრადიციის გამგრძელებელი, როდესაც ქართველი ფეოდალები სიამოვნებით ეკვრებოდნენ უცხო მტერს, თავის ქვეყანას ასუსტებდნენ, ოღონდ თავისი ინტერესი დაეცვათ და კარმიდამო გაეფართოებინათ. ეს ქვეყანა ჩვენ ყველამ ერთად ვაშენეთ. მე ვარ სხვებთან ერთად ახალი ქართული სახელმწიფოს შემქმნელი. შეუძლებელია, მიხაროდეს, რომელი მთავრობაც არ უნდა იყოს საქართველოში და როგორც არ უნდა გვემუქრებოდეს, ან აკავებდეს ჩემს უახლოეს თანამებრძოლებს, შეუძლებელია, გულზე არ ვსკდებოდე, როცა ასეთ განცხადებას იღებენ, იმიტომ, რომ ჩემი თვითგადარჩენის ინსტინქტია, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა გადარჩეს", - განაცხადა პრეზიდენტმა. 

მისივე თქმით, კონგრესი მართავს ამერიკას და თუ ის ამბობს, რომ საქართველოში დემოკრატიის მხრივ საქმე უკან მიდის, როდესაც წინა წლებში პირიქით ხდებოდა, ეს კატასტროფაა.

"ახლა ისინი უნდა იღებდნენ რეზოლუციას, რომ იარაღი მივცეთ დროზე საქართველოს, როგორც ობამა და სააკაშვილი შეთანხმდნენ, ნატო-ში მათი ინტეგრაცია დავაჩქაროთ, ამის სანაცვლოდ კი აცხადებენ, რომ უკან დაიხიეს დემოკრატიის კუთხით. კარგად მახსოვს, რიჩარდ ჰოლბრუკი მეუბნებოდა - რუსეთი თავს რომ დაესხას რომელიმე პოსტსაბჭოთა არადემოკრატიულ ქვეყანას, ამერიკა თითსაც არ გაანძრევსო. 2008 წელს კი ამერიკა დადგა ფეხზე, რადგან საქართველო იყო სიმპათიური, დემოკრატიული, საყვარელი ქვეყანა. ხალხი, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის, იმსახურებს პატივისცემას. თუ ჩვენ დავკარგეთ თავისუფლება, ადვილი შესაჭმელი გავხდებით", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.