უკანონო მოსმენებთან დაკავშირებული

უკანონო მოსმენებთან დაკავშირებული "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია

ფარულ ჩანაწერებთან და უკანონო მოსმენებთან დაკავშირებული "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. როგორც ამნისტიის პროექტშია ნათქვამი, საქართველოს პარლამენტი ჰუმანიზმის პრინციპებიდან გამომდინარე, პირადი და ოჯახური საიდუმლოების დაცვისა და საზოგადოების უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მიერ კრიმინოგენური სიტუაციის კონტროლისა და პრევენციის სათანადო მექანიზმების არსებობის პირობებში ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით აცხადებს ამნისტიას. 

კანონპროექტის თანახმად, უნდა გათავისუფლდნენ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან პირები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში გამოცხადდებიან საგამოძიებო ორგანოებში და ნებაყოფლობით ჩააბარებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე და 159-ე მუხლებით გათვალისწინებულ კერძო კომუნიკაციის ჩანაწერს, ტექნიკური საშუალებით მოპოვებულ ინფორმაციას, კომპიუტერულ მონაცემს, პირადი მიმოწერის ამსახველ მასალას, საფოსტო გზავნილს, ტელეფონით ან სხვა ტექნიკური საშუალებით საუბრის ჩანაწერს, ასევე ტელეგრაფით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებით მიღებულ ან გადაცემულ ინფორმაციას.

ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე და 159-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინეს 2012 წლის 31 დეკემბრამდე.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლი კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევას ითვალისწინებს. კერძოდ, კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერა ან მიყურადებას, აგრეთვე კომპიუტერულ სისტემაში ან სისტემიდან კერძო კომუნიკაციისას გადაცემული კომპიუტერული მონაცემის ან ამგვარი მონაცემის მატარებელი ელექტრომაგნიტური ტალღების უნებართვო მოპოვებას ტექნიკური საშუალების გამოყენებით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლი კი, - პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევას, კერძოდ, პირადი მიმოწერის ან საფოსტო გზავნილის, ტელეფონით ან სხვა ტექნიკური საშუალებით საუბრის ან/და ტელეგრაფით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებით მიღებული ან გადაცემული შეტყობინების საიდუმლოების უკანონოდ დარღვევას.