მთავარი პროკურატურა ადვოკატ სოსო ბარათაშვილის განცხადებას სიცრუეს უწოდებს

მთავარი პროკურატურა ადვოკატ სოსო ბარათაშვილის განცხადებას სიცრუეს უწოდებს

საქართველოს მთავარი პროკურატურა ადვოკატ სოსო ბარათაშვილის განცხადებას სიცრუეს უწოდებს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ბრალდებულ მამუკა ივანიაძესთან საპყრობილეში მისი მოთავსების დღიდან არავინ ყოფილა. 

"ასევე სიცრუეა ადვოკატ ბარათაშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ ბრალდებულის განცხადება გადაიგზავნა შსს-ს ანტიკორუფციულ სააგენტოში. მითითებული განცხადება შემოსულია პროკურატურაში, რადგან პროკურატურა არის განცხადების ადრესატი და არსად გადაგზავნილა. მაშინვე, როდესაც საქმის მწარმოებელი ორგანოსათვის ცნობილი გახდა, რომ ბრალდებული მამუკა ივანიაძე პროკურორთან შეხვედრას ითხოვდა, სწორედ მისი უფლებების, კერძოდ დაცვის უფლების სრულყოფილად განხორციელების მიზნით, გამოძიების მიერ მოხდა მისი სამივე ადვოკატის ს. ბარათაშვილის, რ. კირკიტაძისა და ი. ჯანაშვილის ინფორმირება იმის თაობაზე, რომ მონაწილეობა მიეღოთ ბრალდებულთან ჩასატარებელ საპროცესო მოქმედებებში. ბრალდებულთან შეხვედრამდე მამუკა ივანიაძემ განცხადებით მომართა პროკურატურას, რომლითაც ის უნდობლობას უცხადებდა ადვოკატ სოსო ბარათაშვილს და მის საადვოკატო ბიუროს", - აღნიშნულია განცხადებაში.

პროკურატურის განმარტებით, ინფორმაცია ბრალდებულის მოთხოვნის შესახებ სოსო ბარათაშვილმა საპყრობილეში ყოფნისას მიიღო, რის შემდეგაც ტერიტორია დატოვა. "ნაცვლად იმისა, რომ ადვოკატ სოსო ბარათაშვილის ბრალდებულის პოზიცია გაერკვია, მან საპყრობილის ტერიტორია დატოვა, რის შემდგომაც საგამოძიებო ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება ადვოკატის დასწრების გარეშე არ შეხვედროდნენ ბრალდებულს და მათ ბრალდებულთან კონტაქტის გარეშე დატოვეს საპყრობილე", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლების ადვოკატი სოსო ბარათაშვილი პროკურორსა და გამომძიებელს, გლდანის ციხის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ ზეწოლასა და არასაპროცესო ხერხებით მოქმედებაში ადანაშაულებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ბარათაშვილმა განუცხადა, გლდანის ციხეში მყოფი შპს "მექანიზატორის" წარმომადგენლები საგანგაშო მდგომარეობაში იმყოფებიან. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულებს შორის სოსო ბარათაშვილის დაცვის ქვეშ იმყოფებიან ომარ თედორაძე, ოთარ ქარჩავა, ზაზა მახარობლიძე, ვაჟა ნახუცრიშვილი და მამუკა ივანიაძე. ვაჟა ნახუცრიშვილი "მექანიზატორის" დირექტორია, ხოლო მამუკა ივანიაძე მისი მოადგილე. ხუთივე დაკავებულს ბრალად ედება შპს "მექანიზატორის" ქონების გაფლანგვა.

"გუშინ საღამოს დამიკავშირდა გამომძიებელი შარდენ კოპალიანი, დაახლოებით 17:00 საათზე და მითხრა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა მამუკა ივანიაძემ მოითხოვა დაკითხვა და მკითხა, იყო თუ არა შესაძლებელი, კვირა დღეს მომხდარიყო დაკითხვა. მე გამიკვირდა და ვუთხარი, რომ ორშაბათს მომხდარიყო და შევთანხმდით, რომ დღეს, 13:00 საათზე შევხვდებოდით ერთმანეთს გლდანის საპყრობილეში. დღეს დილით საპყრობილეში შევედი დაახლოებით 10:00 საათზე, სხვა პატიმრების მოსანახულებლად და შემდეგ უკვე მინდოდა მამუკა ივანიაძის მონახულება. ერთ-ერთმა ადვოკატმა შემატყობინა, რომ მოსულები იყვნენ გამომძიებელი შარდენ კოპალიანი და პროკურორი შოთა რიჟამაძე, რომლებიც იმყოფებოდნენ ციხის უფროსის მოადგილის კაბინეტში. შევედი აღნიშნულ კაბინეტში და ვკითხე, რისთვის იმყოფებოდნენ იქ. მათ მითხრეს, რომ მამუკა ივანიაძემ მე, როგორც ადვოკატს გამომიცხადა უნდობლობა, მომცა აცილება და სურს სახაზინო ადვოკატის აყვანა. მოვითხოვე, ეჩვენებინათ დოკუმენტი, რომლითაც ივანიაძემ ეს ყველაფერი განაცხადა. მაჩვენეს მისი ხელნაწერი, რომელიც მთავარი პროკურორის - არჩილ კბილაშვილის სახელზეა დაწერილი. დათარიღებულია გუშინდელი დღით - კვირა დღით, 16 ივნისით. ვკითხე მათ, როგორი წესით მოხდა ამ წერილის გადაგზავნა მთავარ პროკურორთან, შემდეგ ანტიკორუფციულ სამსახურში და როგორ მოხდა, რომ 11 საათისათვის ყველა ინსტანცია მოიარა ამ წერილმა? მათ ამის თაობაზე პასუხი ვერ გამცეს", - აცხადებს ადვოკატი.