"ნაციონალებმა" საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსავლენად პრაიმერის ჩატარება საბოლოოდ გადაწყვიტეს

"ნაციონალური მოძრაობა" საპრეზიდენტო კანდიდატის გამოვლენის საწყის გეგმას არ ცვლის და ამ მიზნით კვლავ პრაიმერს ჩაატარებს, - ამის შესახებ, პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, პრაიმერის ჩატარება დასტური იქნება იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის დაპატიმრებით პარტიის ინფრასტრუქტურის, იდეოლოგიისა და ერთიანობის ჩამოშლა არ მომხდარა.

"ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარეობდა ინტენსიური საუბარი იმაზე, თუ რა ფორმით მომხდარიყო საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატის დასახელება. თავიდან ჩვენი სურვილი და გეგმა იყო, რომ ეს გაგვეკეთებინა საჯაროდ, გამჭვირვალე და საზოგადოებისთვის გასაგები გზით, მაგრამ ხელისუფლების მიერ პარტიის წინააღმდეგ გატარებულმა რეპრესიებმა ჩვენი სურვილი და გადაწყვეტილება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ვგულისხმობ ჩვენი გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის დაკავებას, რაც ჩვენი პარტიისთვის ნიშნავდა ახალ სამოქმედო რეალობაში გადასვლას. ჩვენ ამის შემდეგ გვქონდა დისკუსიები, კონსულტაციების ბოლო ეტაპი კი დღეს გავმართეთ და მივიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება _ სწორედ იმის გამო, რომ გამოვავლინოთ და ვაჩვენოთ, რომ გენერალური მდივნის დაპატიმრება არ ნიშნავს პარტიის ინფრასტრუქტურის დანგრევას, პარტიის ერთიანობის და მისი მორალის გატეხვას. ჩვენი გადაწყვეტილებააა, არ შევცვალოთ საწყისი გეგმა და საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელება მოხდეს პარტიული პრაიმერის გზით", - განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე განმარტებით, კანდიდატის გამოვლენის მიზნით პრაიმერის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით რეგიონული კონფერენციები გაიმართება. "ესაა გზა, როცა გადაწყვეტილებას კადიდატთან დაკავშირებით მიიღებს არა ერთი ადამიანი, არამედ პარტია, მისი ყველა წევრი, მხარდამჭერები. ამ მიზნით ჩვენ გვექნება რამდენიმე რეგიონული კონფერენცია, რომელზეც შედგება კანდიდატებს შორის დებატები. ყველა ასეთი შეხვედრის შემდეგ გაიმართება კენჭისყრა, რომელზეც ღიად და გამჭვირვალედ მოხდება იმ კონკრეტულ კონფერენციაზე დებატებში გამარჯვებული კანდიდატის გამოვლენა", - განმარტა უმცირესობის ლიდერმა.

ამასთან, ბაქრაძის თქმით, პრაიმერის პროცესი სავარაუდოდ ივნისის ბოლოდან დაიწყება და დაახლოებით ერთი თვე გაგრძელდება. მასში მონაწილე კანდიდატებს კი შესაბამისი რეგისტრაციის გავლა ერთი კვირის ვადაში შეუძლიათ.

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების პრესკონფერენციამდე პარტიის ცენტრალურ ოფისში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა. ქვეყნის პირველმა პირმა და პარტიის ლიდერმა, სავარაუდოდ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან პრაიმერის დეტალებთან დაკავშირებით კონსულტაციები გამართეს. არსებული ინფორმაციით, "ნაციონალურ მოძრაობას" დღეს პრაიმერში მონაწილე კანდიდატებიც უნდა დაესახელებინა, თუმცა, სავარაუდოდ, ეს უფრო მოგვიანებით გახდება ცნობილი.