მიხეილ მაჭავარიანი და გიორგი გაბაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს ვანო მერაბიშვილის მონახულების უფლებას სთხოვენ

მიხეილ მაჭავარიანი და გიორგი გაბაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს ვანო მერაბიშვილის მონახულების უფლებას სთხოვენ

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები მიხეილ მაჭავარიანი და გიორგი გაბაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავენ და ვანო მერაბიშვილის მონახულების უფლებას ითხოვენ. ამასთან დაკავშირებით მათ დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართეს.

როგორც მიხეილ მაჭავარიანმა აღნიშნა, ვანო მერაბიშვილისთვის ქონების დაყადაღება ადასტურებს, რომ მის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება.

"გამოცხადდა, რომ ვანო მერაბიშვილის ბარათს და უძრავ-მოძრავ ქონებას დაედო ყადაღა. ეს ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩა მისი ოჯახი. ჩვენ, მისი მეგობრები დავეხმარებით და არ დავტოვებთ ასეთ მდგომარეობაში, მაგრამ ასეთი ტიპის გადაწყვეტილება საკმაოდ უცნაურია. მინდა დავადასტურო, რომ აქ მიდის ბრძოლა "ნაციონალური მოძრაობის" განადგურებაზე. როგორც ჩანს, ეს ადამიანები არ ელოდნენ, რომ მერაბიშვილის დაპატიმრების მერეც ასე ერთად ვიქნებოდით. მერაბიშვილი, როგორც მოქმედი გენერალური მდივანი, ითხოვს, რომ საინფორმაციო საშუალებებთან ჰქონდეს წვდომა. ამაზე კანონმდებლობით აბსოლუტურად გაუგებარი კომენტარი გააკეთა იუსტიციის მინისტრმა, რომ ეს მისი საქმე არ არის", - განაცხადა მაჭავარიანმა.

გიორგი გაბაშვილი კი, მერაბიშვილს პრემიერის პირად პატიმარს უწოდებს და პარლამენტის თავმჯდომარისგან მისი მონახულების უფლებას ითხოვს. "საქმე არ გვაქვს არანაირ სამართლებრივ პროცესთან. საქმე გვაქვს წმინდა წყლის პოლიტიკურ დევნასთან და მთავარი ოპოზიციური პარტიის განადგურების სურვილთან, რაც არაერთხელ ღიად განუცხადებია პრემიერ-მინისტრს და მთავრობის წევრებს. ბოლო პერიოდში ამან მიიღო პერსონალური, ძალიან მდაბიო და პატარა ადამიანებისთვის დამახასიათებელი კინკლაობის ფორმა. საუბარია მისი ოჯახისთვის პრობლემების შექმნაზე, საუბარია იმაზე, რომ არ მიეცეს საშუალება, ჰქონდეს ინფორმაცია. ამის გასაპროტესტებლად მას დაუწყია შიმშილობა და ჩვენ გვინდა მასთან შეხვედრა", - აღნიშნა გაბაშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა საკანში ტელევიზორის შეტანის მოთხოვნით შიმშილობა დღეს დაიწყო, - ამის შესახებ მისმა ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განაცხადა. ადვოკატის განმარტებით, მერაბიშვილის მოთხოვნაა, საკანში ტელევიზორი ჰქონდეს.

"კანონი პატიმრობის შესახებ პირდაპირ ითვალისწინებს ამას; ასევე, ჩვენ მიერ იყო მოთხოვნა, რომ ციხის ადმინისტრაციას მიეცა მინდობილობა, რომელიც მისი ოჯახის წევრებს საშუალებას მისცემდა განეკარგათ მისი საბანკო ანგარიშები, რაზეც ამ პერიოდში ჩვენ ვერც უარი მივიღეთ და ვერც დადებითი პასუხი და შესაბამისად, ბატონმა მერაბიშვილმა ყველაზე მკაცრ ზომას მიმართა და შიმშილობა დაიწყო ტელევიზორის მოთხოვნით", – აღნიშნა ჩივიაშვილმა.