სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მიკაელ კადიევის რუსეთში ექსტრადირება არ უნდა მოხდეს

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მიკაელ კადიევის რუსეთში ექსტრადირება არ უნდა მოხდეს

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ მიკაელ კადიევის რუსეთში ექსტრადირება არ უნდა მოხდეს.

ამის შესახებ ნანუაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული:

"მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის თობაზე, რომ რუსეთის გენერალური პროკურატურა საქართველოს ხელისუფლებას მიკაელ კადიევის ექსტრადირების მოთხოვნით მიმართავს. მიკაელ კადიევი და რიზვან ომაროვი ტერაქტის მცდელობისთვის თბილისში 13 ივნისს დააკავეს. შსს-ს განცხადებით, მათი საცხოვრებლიდან დიდი ოდენობით ძლიერმოქმედი ასაფეთქებელი ნივთიერება და ელექტროდეტონატორები, აგრეთვე ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაცია ამოიღეს. მიკაელ კადიევი საქართველოს 2011 წლიდან აფარებდა თავს. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიღებული აქვს არაერთი გადაწყვეტილება ექსტრადიციის საქმეებზე, მათ შორის გამოტანილი საქართველოს წინააღმდეგ და ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს სასამართლოს გადაწყვეტილებების პრაქტიკა (საქმე "შამაევი და 12 სხვა საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ" (საჩივარი # 36378/02)).

საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ მიკაელ კადიევის ექსტრადიცია არ უნდა მოახდინოს, რადგან არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას და ის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდეს", - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსული გამოცემა "კომერსანტის" ცნობით, უახლოეს ხანებში რუსეთის გენერალური პროკურატურა საქართველოს მიკაილ კადიევის ექსტრადაციის თხოვნით მიმართავს.

"გავრცელებული ინფორმაციით, კადიევზე ძებნა ერთ-ერთი რაიონის ხელმძღვანელის მკვლელობისთვის 2011 წლიდან არის გამოცხადებული", - წერს "კომერსანტი".

შეგახსენებთ იმასაც, იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით მიკაელ კადიევსა და რიზვან ომაროვს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 50-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.