პარლამენტმა

პარლამენტმა "ნაციონალური მოძრაობის" 9 წლიან მმართველობას შესაძლოა, პოლიტიკური შეფასება მისცეს

პარლამენტმა "ნაციონალური მოძრაობის" 9 წლიან მმართველობას შესაძლოა, პოლიტიკური შეფასება მისცეს. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დღეს იმსჯელეს 19 მაისის სახალხო მოძრაობის "სამართლიანობა უნდა აღსდგეს" ყრილობაზე მიღებულ რეზოლუციაზე და პარლამენტის მიერ წინა ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებებისთვის პოლიტიკური შეფასების მიცემის შესაძლებლობაზე. 

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა, შესაძლებელია პარლამენტის მიერ რეჟიმის პოლიტიკური შეფასება რეზოლუციით, დადგენილებით, ან რაიმე ფორმით მოხდეს.
მისივე თქმით, პრაქტიკულად ამის საფუძველი მაშინ შეიქმნა, როდესაც პარლამენტმა პოლიტიკური პატიმრები აღიარა.

როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, ეს იყო პოლიტიკური შეფასება წინა ძალადობრივი რეჟიმის, თუმცა შესაძლებელია, ასევე კომიტეტმა იმუშაოს კონკრეტულ დასკვნაზე, სადაც გარკვეული სამუშაოს შესრულების შემდეგ ასახული იქნება სწორედ პოლიტიკური შეფასება, რა ტიპის ძალადობებეთან, ან რა ტიპის რეჟიმთან გვქონდა საქმე, როგორი იყო უსამართლობის მასშტაბი, რა დარღვევები ხდებოდა და ა.შ.

"ეს შეიძლება მოხდეს პარლამენტის მიერ, ამას უნდა უმრავლესობის მხარდაჭერა, ჩვენ ამ საკითხზე კომიტეტში ვიმუშავებთ და გარკვეულ პროექტსაც მოვამზადებთ", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
"ყოფილი პოლიტ-პატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" ორგანიზაციის ხელმძღვანელის ნანა კაკაბაძის თქმით, ის კომიტეტის მიერ სახალხო მოძრაობის "სამართლიანობა უნდა აღსდგეს" ყრილობაზე მიღებული რეზოლუციის განხილვას მიესალმება.

"კომიტეტმა რეზოლუციის განხილვა დაიწყო და მე ვფიქრობ, რომ საკითხი აუცილებლად დადებითად გადაწყდება, რადგან პარლამენტმა იგრძნო, რომ ეს საზოგადოების დაკვეთაა და არა რომელიმე ერთი ჯგუფის. მგონია, ამას პერსპექტივა ექნება, თუმცა ისიც მინდა ვთქვა, რომ ეს ძალიან დაგვიანებული პროცესია, რადგან უამრავმა ადამიანმა ხელახლა განიცადა ზიანი და ზარალი იმის გამო, რომ ამ რეჟიმის შეფასება დროულად არ მოხდა", - აღნიშნა კაკაბაძემ.