"შსს-ს დღევანდელი ინფორმაცია სხვადასხვა პრობლემების გამო მოსახლეობაში არსებული უკმაყოფილების გადაფარვას ემსახურება"

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიგი წერეთელის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ფარულ სამალავებთან დაკავშირებით გავრცელებული მასალა სხვადასხვა პრობლემების გამო მოსახლეობაში არსებული უკმაყოფილების გადაფარვას ემსახურება.

ამის შესახებ წერეთელმა დღეს "პრაიმტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"დღეს, როდესაც ქვეყანაში პროცესები პოზიტიურად არ მიდის, ეკონომიკურ განვითრებას, ან იმ დაპირებების შესრულებას, რომელიც ხელისუფლებამ დადო, ვერ ვხედავთ, შედარებით იოლია ბევრი ფაქტით იმ უკმაყოფილების გადაფარვა, რაც შესაძლებელია, მოსახლეობაში იყოს. გარდა ამისა, მსგავსი მეთოდების გამოყენება იოლია პოლიტიკური ოპონენტის დისკრედიტაციისთვის გამოყენება, რაც სამწუხარო მიმართულებაა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება მკვიდრად დაადგა", - განაცხადა წერეთელმა.

შეგახსენებთ, რომ შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა სამეგრელოში ყოფილი ხელისუფლების მიერ მიწისქვეშ შენიღბულად მოწყობილი, დაფარული სამალავები აღმოაჩინეს, რომლებშიც დიდი ოდენობით ფეთქებადი ნივთიერებები, ხელყუმბარები, ავტომატური და სხვა ცეცხლსასროლი იარაღები, კავშირგაბმულობის საშუალებები, სამხედრო ამუნიცია, ნარკოტიკული და ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული ნივთიერებები, ასევე ყოფილი ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი პირების ფოტოსურათებისა და პირადი მონაცემების შემცველი არქივი და ადამიანების სასტიკი წამებისა და მათზე სექსუალური ძალადობის განხორციელების, ცემის ამსახველი არაერთი ვიდეოფირია ნაპოვნი.