ალექსანდრე ბარამიძე:   მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია მუშაობას სავარაუდოდ მომავალი წლიდან შეუდგება

ალექსანდრე ბარამიძე: მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია მუშაობას სავარაუდოდ მომავალი წლიდან შეუდგება

მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია მუშაობას სავარაუდოდ მომავალი წლიდან შეუდგება, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ განაცხადა. 

მისი შეფასებით, კანონპროექტთან და მართლმსაჯულების დამდგენი კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნა მთლიანობაში დადებითია.

"გამოთქმულია კრიტიკული მოსაზრებებიც, რომელთაგან დიდ ნაწილს გავითვალისწინებთ, რადგან მიგვაჩნია, რომ ისინი სამართლიანი და სასარგებლოა. არის საკამათო გადაწყვეტილებები, რომლებზეც ვიფიქრებთ. საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილებას საქართველოს სახელმწიფო მიიღებს. ქართველი ხალხის გადასაწყვეტია როგორ და რა ფორმით ჩამოყალიბდება კომისია", - აღნიშნა ბარამიძემ.

მისივე განმარტებით, კომისია შედგება 15 წევრისგან და მისი წევრები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელბი, მეცნიერ-იურისტები, ადვოკატები და იურიდიული პროფესიის სხვა პირები იქნებიან.

ბარამიძის თქმით, კანონპროექტი პარლამენტს საშემოდგომო სესიისთვის წარედგინება, მუშაობას კი, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან შეუდგება.

რაც შეეხება მოსამართლეების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების შესაძლებლობას, მისივე განმარტებით, კანონპროექტში მსგავსი დებულებები არ არსებობს.