გია ხუხაშვილი ფარული იარაღის სამალავების კიდევ აღმოჩენას არ გამორიცხავს

გია ხუხაშვილი ფარული იარაღის სამალავების კიდევ აღმოჩენას არ გამორიცხავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გია ხუხაშვილი ფარული იარაღის სამალავების კიდევ აღმოჩენას არ გამორიცხავს.

"ადრეც ნავარაუდევი იყო, რომ ასეთი ტიპის საწყობები არსებობდა და არა მხოლოდ სამეგრელოში. ყოფილი ხელისუფლება ფაქტობრივად, არაფორმალურ ტერორს უწყობდა ხელს, მათ შორის, პოლიტიკურ დევნას და ბუნებრივია, ეს ყველაფერი კანონის მიღმა იყო. იარაღის სამარხი ზუსტად ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლება კანონის ფარგლებში არ მოქმედებდა და საკუთარი პოლიტიკური ინტერესების დასაკმაყოფილებლად ნებისმიერი ტიპის ქმედებისთვის მზად იყო. სამწუხაროდ, შესაძლებელია, რომ ასეთი ტიპის იარაღის სამალავები კიდევ იქნას აღმოჩენილი", - განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა სამეგრელოში ყოფილი ხელისუფლების მიერ მიწისქვეშ შენიღბულად მოწყობილი, დაფარული სამალავები აღმოაჩინეს, რომლებშიც დიდი ოდენობით ფეთქებადი ნივთიერებები, ხელყუმბარები, ავტომატური და სხვა ცეცხლსასროლი იარაღები, კავშირგაბმულობის საშუალებები, სამხედრო ამუნიცია, ნარკოტიკული და ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული ნივთიერებები, ასევე ყოფილი ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი პირების ფოტოსურათებისა და პირადი მონაცემების შემცველი არქივი და ადამიანების სასტიკი წამებისა და მათზე სექსუალური ძალადობის განხორციელების, ცემის ამსახველი არაერთი ვიდეოფირია ნაპოვნი.