დავით ზალკალიანი:  გაეროში მიღებული რეზოლუცია ქართული დიპლომატიის გამარჯვებაა

დავით ზალკალიანი: გაეროში მიღებული რეზოლუცია ქართული დიპლომატიის გამარჯვებაა

გაეროში დევნილთა შესახებ მიღებული რეზოლუცია ქართული დიპლომატიის გამარჯვებაა, - ამის შესახებ ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე დავით ზალკალიანმა განაცხადა. 

მისი თქმით, როგორც ცნობილია საქართველოს მიერ წარდგენილ რეზოლუციას გაეროს 63 წევრმა დაუჭირა მხარი.

"ჩვენ ყოველწლიურად ვზრდით მხარდამჭერების რაოდენობას, ეს არის ჩვენი დიპლომატიის მნიშვნელოვანი გამარჯვება", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მანვე მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებს, ვინც მხარი დაუჭირა ამ რეზოლუციას. ასევე მადლობა გადაუხადა დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენლებს და სამინისტროს აპარატის თანამშრომლებს.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, ეს რეზოლუცია რამდენიმე დეტალზე ამახვილებს ყურადღებას, მათ შორის აღსანიშნავია, რომ რეზოლუცია ჟენევის ფორმატით მონაწილეებს მოუწოდებს განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ დევნილთა თემაზე. მისივე თქმით, რეზოლუცია ასევე ავალდებულებს გაეროს გენერალურ მდივანს გამოუშვას ყოველწლიური ანგარიში დევნილთა მდგომარეობის შესახებ.

"ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ჩვენი დიპლომატიისთვის და მომავალ წლებშიც გავაგრძელებთ მუშაობას, რომ გაიზარდოს მხარდამჭერთა რაოდენობა", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.