თეა წულუკიანი სომხეთის პრემიერს შეხვდა

თეა წულუკიანი სომხეთის პრემიერს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, სომხეთში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრ, ტიგრან სარქისიანს შეხვდა. 

შეხვედრა სომხეთის მთავრობის კანცელარიაში გაიმართა და მას სომხეთის იუსტიციის მინისტრიც ესწრებოდა.
მხარეებმა სამართლებრივ სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა სომხეთის მთავრობის მეთაურს ქვეყანაში სამართლებრივ სფეროში გატარებული რეფორმები გააცნო. თეა წულუკიანის განცხადებით, მართლმსაჯულების რეფორმის ერთი ეტაპი დასრულებულია და ამჯერად იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა იგეგმება.

მინისტრმა შრომის ახალ კოდექსზეც ისაუბრა. თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა რამდენიმე დღის წინ მესამე მოსმენით მიიღო შრომის ახალი კოდექსი, სადაც, ძველი ვერსიისაგან განსხვავებით, დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ინტერესთა ბალანსი დაცულია.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოსა და სომხეთს შორის ეფექტური თანამშრომლობა საჯარო პოლიტიკის არაერთ სფეროშია შესაძლებელი. ტიგრან სარქისიანმა მაგალითად მოიყვანა სასამართლოს სისტემის რეფორმა, რომელსაც ამჟამად ორივე ქვეყანა ახორციელებს.

საუბარი ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლურ და პარტნიორულ ურთიერთობებსაც შეეხო. საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ახალ ხელისუფლებას სომხეთთან საუკეთესო ურთიერთობების დამყარების იმედი აქვს.

ქართულ-სომხურ ურთიერთობებს არა მარტო მეზობლური, არამედ მეგობრული უწოდა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრ, თეა წულუკიანისა და მინისტრის მოადგილე, გოჩა ლორთქიფანიძის ვიზიტი სომხეთში 16 ივნისს დაიწყო.