რუსეთის პროკურატურა მიკაელ კადიევის ექსტრადირებას მოითხოვს

რუსეთის პროკურატურა მიკაელ კადიევის ექსტრადირებას მოითხოვს

რუსეთის გენერალური პროკურატურა საქართველოს ხელისუფლებას მიკაელ კადიევის ექსტრადირების მოთხოვნას გაუგზავნის. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება. 

"რუსეთის გენპროკურატურა საქართველოს ხელისუფლებას საქართველოში დაკავებული დაღესტნელი მიკაელ კადიევის ექსტრადირების მოთხოვნას გაუგზავნის. თუმცა, სავარაუდოდ სამშობლოში კადიევი მას შემდეგ მოხვდება, რაც თბილისში მოიხდის სასჯელს. ამ ეტაპზე მას ბრალი ედება იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შენახვისთვის, თუმცა ტერაქტის მოწყობისთვის დააკავეს", - წერს რუსული "კომერსანტი".

მიკაელ კადიევს რუსეთში დაღესტანში, ხასავიურტის რაიონის თავმჯდომარის მკვლელობისთვის წაუყენეს ბრალი.

მიკაელ კადიევი და რიზვან ომაროვი ტერაქტის მცდელობისთვსი თბილისში 13 ივნისს დააკავეს. შსს-ს განცხადებით, მათი საცხოვრებლიდან დიდი ოდენობით ძლიერმოქმედი ასაფეთქებელი ნივთიერება და ელექტროდეტონატორები, აგრეთვე ცეცხლსასაროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაცია ამოიღეს. გამოძიების ცნობით, ინტერპოლის მიერ ძებნილი კადიევი საქართველოს 2011 წლიდან აფარებდა თავს.