ირაკლი ალასანია:  100 000 ლარიანი ერთჯერადი დახმარება საერთაშორისო ოპერაციებში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს გაეწევა

ირაკლი ალასანია: 100 000 ლარიანი ერთჯერადი დახმარება საერთაშორისო ოპერაციებში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს გაეწევა

პენსია დაენიშნება ყველა მებრძოლის ოჯახს, ვინც თავი შესწირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, 20 წლის განმავლობაში ქართველი საზოგადოების დამოკიდებულება აბსოლუტურად არაადეკვატური იყო ჯარისკაცებისა და მათი ოჯახებისადმი, ამიტომ მიღებულ იქნა უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, სამშობლოსთვის დაღუპული ყველა გმირის ოჯახს განურჩევლად იმისა, რომელ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა დაენიშნება პენსია 1000 ლარის ოდენობით.

"ეს ორ ეტაპად განხორციელდება. 2014 წლიდან დაენიშნებათ 500-ლარიანი პენსია, ხოლო 2015 წლიდან კიდევ 500 ლარი დაემატებათ. საერთაშორისო ოპერაციებში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს გაეწევათ 100 000 ლარიანი ერთჯერადი დახმარება. ეს გავრცელდება საერთაშორისო ოპერაციებში აქამდე დაღუპულ გმირებზეც", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მისივე თქმით, აფხაზეთში იბრძოდნენ შინაგანი ჯარის წარმომადგენლები, პოლიციელები, სასაზღვრო ძალები, მოხალისეები, გვარდია, "მხედრიონი". პენსია დაენიშნება ყველა მებრძოლის ოჯახს, ვინც თავი შესწირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

მინისტრის ინფორმაციით, ვეტერანთა დეპარტამენტმა წლის ბოლომდე უნდა დაადგინოს საბრძოლო მოქმედებებში დაღუპული ყველა მებრძოლის ვინაობა და მათი სამართალმემკვიდრეები, რომელთაც ეკუთვნით პენსია.