კოტე კუბლაშვილი:   დადასტურდა, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა მოსამართლეთა ხელშია

კოტე კუბლაშვილი: დადასტურდა, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა მოსამართლეთა ხელშია

დადასტურდა, რომ სასამართლო სისტემა ძალიან ძლიერია და მისი დამოუკიდებლობა მოსამართლეთა ხელშია, - ასე აფასებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი მოსამართლეთა მეათე რიგგარეშე კონფერენციას, რომელმაც მუშაობა უკვე დაასრულა.

"მთელი კონფერენცია აბსოლუტური საჯაროობის პირობებში ჩატარდა და ასეთ პირობებში ყველამ დაინახა, რომ მოსამართლეთა არჩევანი თავისუფალი იყო. თავისუფალ არჩევანში მოსამართლეებმა თავისუფლად მიიღეს გადაწყვეტილებები. მათ განსაზღვრეს, რომელი მათი კოლეგა უნდა გამხდარიყო ამა თუ იმ ორგანოს წევრი. მიუხედავად იმ პერიპეტიებისა, რომელიც კონფერენციას წინ უძღოდა, მოსამართლეებმა სასამართლო ინტერესებიდან გამომდიანარე მიიღეს გადაწყვეტილებები", - განუცხადა კუბლაშვილმა ჟურნალისტებს კონფერენციის დასრულების შემდეგ.

მისივე თქმით, ახალი შემადგენლობის იუსტიციის უმაღლესი საბჭო და ახალი სადისციპლინო კოლეგია დარჩება ერთგული პრინციპისა, რომ სასამართლო ხელისუფლება კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს.

"მაგალითისთვის, მკაცრად დაისმევა საკითხი, რომ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა მოხდეს, ხოლო მოქმედი მოსამართლეები უვადოდ გადაინიშნონ. ასევე, უნდა გაიზარდოს მოსამართლეთა ხელფასები და გაუმჯობესდეს მათი სოციალური პირობები. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მოსამართლეებმა თავი აბსოლუტურად დაცულად იგრძნონ და, შესაბამისად, დამოუკიდებლად", - აღნიშნა კოტე კუბლაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონფერენციის ბოლოს მოსამართლეებსაც მიმართა და განაცხადა, რომ მათი მიზანი უნდა იყოს საერთო – ახალი საბჭოს პირობებში უზრუნველყოფილი იყოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა. "ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ამ მიზანთან. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის ვითარება, რომ სისტემა ერთხელ და საბოლოოდ გახდეს დამოუკიდებელი და ამის შემდეგ უკან დახევა არ მოხდეს. გთხოვთ ყველას, სწორედ ამ პასუხისმგებლობით მოეკიდოთ ყველა იმ საქმეს, რომელიც განსახილველად გექნებათ. ყველამ უნდა დაინახოს, რომ გადაწყვეტილებებს იღებენ მოსამართლეები და ამაში გარედან ვერავინ ჩაერევა", - მიმართა კოტე კუბლაშვილმა მოსამართლეებს.