იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე გახდა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე გახდა

მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად ლევან მურუსიძე 205 ხმით აირჩია. ფარული კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა კონფერენციაში მონაწილე 224 მოსამართლიდან 222-მა მიიღო. აქედან 205-მა ლევან მურუსიძეს მისცა ხმა. 17 ბიულეტენი კი ხმის დამთვლელმა კომისიამ ბათილად ცნო.

კენჭისყრის დაწყების წინ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნობის ოთხმა კანდიდატმა, მოსამართლეებმა ილონა თოდუამ, პაატა სილაგაძემ, გიორგი შავლიაშვილმა და თამარ ალანიამ საკუთარი კანდიდატურები მურუსიძის სასარგებლოდ მოხსნეს. შესაბამისად, ლევან მურუსიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის პოსტზე ერთადერთი კანდიდატი იყო.

გარდა ამისა, მოსამართლეთა ადმინისტრაციული კომიტეტის თავმჯდომარე მოსამართლე ლევან თევზაძე გახდა. მის კანდიდატურას მხარი მოსამართლეთა კონფერენციაზე 160-მა მოსამართლემ დაუჭირა. ამით მოსამართლეთა მეათე რიგგარეშე კონფერენციამ მუშაობა დაასრულა.

კონფერენცია 9 ივნისს გაიხსნა. ამ დღეს მოსამართლეებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები აირჩიეს. გუშინ კი კენჭისყრის წესით დაამტკიცეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიისა და ადმინისტრაციული კომიტეტის წევრები. ასევე აირჩიეს ადმინისტრაციული კომიტეტის თავმჯდომარე და განსაზღვრეს სადისციპლინო კოლეგიაში პარლამენტის მიერ არჩეული წევრების ანაზღაურების ოდენობა. მოსამართლეთა მეათე რიგგარეშე კონფერენცია გამორჩეული იყო იმით, რომ მან გადაწყვეტილებები საერთო სასამართლოებების შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე მიიღო. მოსამართლეთა კონფერენციამ სასამართლოს ადმინისტრაციულ ორგანოებში ყველა კანდიდატი თავად დაასახელა და ფარული კენჭისყრით აირჩია.