ოზია - ქრისტეს შობამდე მეშვიდე საუკუნის იუდეველთა მეფე იყო. ისტორიულ წყაროებში ოზია მიწა-წყლის მიმტაცებლად მოიხსენიება. სამეფოს, მისი მოღვაწეობის პერიოდში მრავალი ტერიტორია შეუერთდა. ოზიას ცხოვრებას ბიბლიაც აღწერს, სადაც ნათქვამია, რომ 116 წლის მეფე ღმერთმა დასაჯა და კეთრით დაავადა. ოზია სიცოცხლის ბოლომდე მომაკვდინებელი სენით იტანჯებოდა, სახელმწიფოს მართვა კი მისმა ძემ იონათამ ჩაიბარა.
გორ-ოზია კი სამეგრელო ზემო-სვანეთის ყოფილი ღუბერნატორი და სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრია, რომელიც რეგიონის მიწა-წყალის მიტაცებიდან მოხუცების გატაცებაზე გადავიდა. ზუგდიდში მცხოვრები 84 წლის ეთერ ცხადაია ყოფილ პრეზიდენტის რწმუნებულს მისთვის ბიზნეს წილის დაუფარავად მოთხოვნაში და ორჯერ გატაცებაში ადანაშაულებს.
"ჩვენ ვაცხადებთ იაფი სახელმწიფო კრედიტის ახალ პროგრამას. ვგეგმავთ ახალი ბანკის შექმნას, რომელსაც ერქმევა „იაფი კრედიტის ბანკი“ და ის იქნება სახელმწიფოს და ბიზნესის პარტნიორობა. რა არის იაფი კრედიტი? – სახელმწიფო უახლოეს წლებში გაცემს 300 მილიონ ლარს იმისთვის, რომ ყველა მსურველმა სახელმწიფოსგან აიღოს იაფი კრედიტი 5,10,25 წლით, 4%-მდე განაკვეთით. ეს არის ბევრად უფრო იაფი ვიდე ნებისმიერი კრედიტი, რომელიც არის დღეს ბაზარზე" – ეს ინიციატივა მიხეილ სააკაშვილმა 2007 წლის ნოემბერში, მას შემდეგ გააჟღერა რაც თანამდებობა დატოვა და ქვეყნის სათავეში მოსასვლელად ბრძოლას საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატის რანგში შეუდგა. 2008 წელს კრედიტების გაცემა მართლაც დაიწყო.
ეთერ ცხადაიამ წინასაარჩევნოდ სამეწარმეო საქმიანობა სწორედ საქართველოს პრეზიდენტის უშუალო დახმარებით წამოიწყო. ქვეყნის პირველმა პირმა მაშინ მისი ბიზნეს-იდეა მოიწონა და „იაფი კრედიტის ბანკიდან“ 180.000 ლარი გამოუყო.
"საარჩევნო პერიოდი იყო. 2008 წლის იანვარში მიხელ სააკაშვილს მივწერე წერილი. მაისის თვეში კი ის უკვე გაპრეზიდენტებული ზუგდიდში ჩამოვიდა. როგორც გაირკვა, რწმუნებულს და ეკონომიკის მინისტრს დაავალა 81 წლის ქალი საკმაოდ საინტერესო იდეას გვთავაზობს და ყურადღება მიაქციეთო. ამის შემდეგ პირადად დამიკავშირდა მინისტრი და რამდენიმე კვირაში ანგარიშზე თანხა ჩამირიცხეს" - იხსენებს ეთერ ცხადაია.
60-მდე ადამიანის დასასაქმებლად, მეფრინველეობის ფერმის მშენებლობა-ამუშავებას ცხადაიას გათვლებით 400.000 ლარი სჭირდებოდა. ეკონომიკის მინისტრის და სააკაშვილის დაპირებით თანხის დარჩენილი ნაწილის ის მალე მიიღებდა. მოხუცმა სოფელ რუხში მიწს ნაკვეთი შეიძინა და ფერმის მშენებლობა წამოიწყო. 180.000 ლარი სწრაფად დაიხარჯა. დაპირებული თანხის მეორე ნაწილი მას აღარ ჩაურიცხეს. ფერმამ ფუნქციონირების დაწყება ვერ შეძლო. ცხადაიას ხელში დაუმთავრებელი შენობა და საცხოვრებელი სახლის დაკარგვის საფრთხესთან ერთად სახელმწიფოს წინაშე უზარმაზარი ვალი დარჩა...
ეთერ ცხადაია: ყველა უწყებაში შევაგზავნე წერილი. დახმარებას ვითხოვდი. ზაზა გორო-ზიამ ყოველ ჯერზე დამბლოკა. პირდაპირ ვამბობ ის არის კრიმინალი. როდესაც გორ-ოზიას შევხვდი ვთხოვე პრეზიდენტი ჩააყენე საქმის კურსში-მეთქი. მიპასუხა: ეხლა, რომ მოდიხარ, ფული რომ აიღე მაშინ რატომ არ მოხვედიო?!. ნორმალურ ქვეყანაში კანონი ჩინოვნიკებისთვის და მოხუცისთვის ერთნაირი უნდა იყოს.
2010 წლის 19 ნოემბერს, რწმუნებულის ბრძანებით გამიტაცეს. მაშინ საქართველოს პრეზიდენტი, ზუგდიდში, ლაზის ქუჩაზე, ქალაქში ბუნებრივი აირის შეყვანის სამუშაოების დასრულებას მთელ ქვეყანას ამცნობდა. მისთვის წერილის გადაცემას ვცდილობდი. ჩემთვის უცნობი პირები მომვარდნენ მანქანაში ჩამსვეს (თეთრი ნივა N316) და იმ ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით ჩამომსვეს.
18 ოქტომბერს მეორედ გამიტაცეს. ანაკლიაში ჩასულ მიხელ სააკაშვილთან ვცადე შეხვედრა, კვლავ მინდოდა მისთვის ყველაფერი ამეხსნა და დახმარება მეთხოვა. გორ–ოზიას სადამსჯელო რაზმის წევრებმა ტერიტორიის დატოვება მიბრძანეს. "ძალა აღმართს ხნავსო", დავემორჩილე. შეხვედრის ადგილიდან კარგა მანძილის დაშორებით ქვის ლოდზე ჩამოვჯექი. დავინახე გორ-ოზია არაადამიანურად თვალებს როგორ აცეცებდა და თავის ბიჭებს ჩემზე რაღაცას ეუბნებოდა. რამდენიმე წუთში ღუბერნატორი მიგზავნის ბიჭებს და 84 წლის ქალი ხელის გადაგრეხვით შემტენეს მანქანაში (მერსედესი ჩBA 100). ხელი იმდენად ძლიერად გადამიტრიალეს, რომ ძვალი მომტეხეს, დღესაც ტკივილები მაწუხებს და არ ვარ გონზე მოსული.
ქალბატონო ეთერ, რატომ გებრძვით ზაზა გორ-ოზია?
–მას და მის ოჯახს მარტვილის რაიონში დიდი მიწები აქვთ მითვისებული და ფლობენ მეფრინველეობის ფერმასაც. ბუნებრივია სამეგრელოში კონკურენტი ფირმა არ სჭირდება. ალბათ პრობლემაც არ იქნებოდა წილის მიცემაზე რომ დავთანხმებოდი.
როგორც ვიცი გატაცების ფაქტთან დაკავშირებით ძალოვან უწყებებს მიმართეთ.
-დიახ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში საქმის კურსში ჩავაყენე შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახალხო დამცველი და პროკურატურა, მაგრამ არანაირი რეაგირება არ ყოფილა. ერთხელ როლან ახალაიასაც შევხვდი. შემპირდა საქმეს გამოვიძიებთო. ჩემი განცხადება რაიონულ პოლიციას გადაუგზავნა, სამმართველოს უფროსმა რუსლან შამახიამ კი მომწერა ის სანომრე ნიშნები რომლიც თქვენ დაასახელეთ რეგისტრირებული არ არისო.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია თუ ჩააყენეთ საქმის კურსში?
-მიხელ სააკაშვილს, მის მეუღლეს სანდრა რულოვსს, ვერა ქობალიას, პარლამენტარ გიორგი თარგამაძეს, ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატ ფრიდონ თოდუას და ღმერთმა უწყის კიდევ რამდენ სახელმწიფო მოხელეს გავუგზავნე წერილი, სადაც ჩემს მიმართ განხორციელებულ კანონდარღვევებზე ვატყობინებდი და გორო-ზიას ვამხელდი, მაგრამ "არსაით ხმა არსაით ძახილი" – ჩემი გასაჭირით არავინ გაითავისა.
სახელმწიფოს მიერ გადმორიცხული თანხა რომ დამთავრდა, ყველაფერი რაც გამაჩნდა ფერმის მშენებლობას დავახარჯე. 18 თვის პენსია სესხად გამოვიტანე. დღეს ვკარგავ საცხოვრებელ სახლსაც და შრომა წვალებით აშენებულ ფერმას. ბიზნესის დაწყების მცდელობა კრახით სრულდება. როგორ დავუბრუნო სახელმწიფოს 180 000? ათობით ათასი ლარი პროცენტის სახით უკვე დამარიცხეს.
რას აპირებთ?
-მე მჯერა, რომ ხმას მივაწვდენ ჩვენს პრეზიდენტს და სამართალი აღსრულდება. არ დავნებდები, ამისთვის ვიბრძოლებ ბოლომდე. ვგეგმავ უახლოეს ხანებში საპროტესტო აქციის ორგანიზებას გუბერნიის შენობასთან. კიდევ ერთხელ ვამხელ უკვე მინისტრ გორო-ზიას. იმ შემთხვევაში თუ მე და ჩემს ახლობლებს რაიმე შეგვემთხვევა სრულ პასუხისმგებლობას ჯალათ გორო-ზიას ვაკისრებ...
მინდა რამდენიმე სიტყვით მივმართო სოფლის მეურნეობის მინისტრს: ფიქრობთ, რადგან თანამდებობაზე ბრძანდებით ყველაფერი შეგიძლიათ? 83 წლის ქალბატონი გამიტაცეთ, რა ქვია ამას თუ არა ძალადობა?! არასდროს გაპატიებთ! თქვენ ცუდისკენ მიბიძგებთ. ვხედავ, მოქალაქეები ბუზებად გეჩვენებათ – თავად ხომ ყველაფრით უზრუნველყოფილი ბრძანდებით! რატომ ბლოკავთ ამ საქმეს? როგორ ახსნით? მე ძალიან ბევრი დამრჩა სათქმელი და თუ სურვილი გაქვთ დამიბარეთ და გეახლებით, მაგრამ თქვენ ალბათ ფიქრობთ რა უნდა ველაპარაკო ამ დედაბერსო?! მართალია მოხუცი ვარ, მაგრამ კარგის და ცუდის გარჩევა ვიცი. ნუთუ არ გასწავლეს როგორ უნდა მოექცეთ მოხუც ქალს? აბუჩად აგდებას არ შეგარჩენთ! მართალია მე არაფერი შემიძლია, მაგრამ იცოდეთ იესო ქრისტეს ნათლისღების დღესასწაულზე დავიბადე და ღმერთი თხოვნას ყოველთვის მისრულებს.
ჩემს გატაცებას არ გაპატიებთ!
P.S. ვხედავთ, ბატონო ზაზა, ღვთის რომ არ გეშინიათ, მაგრამ მეფე ოზიას მსგავსად სასჯელს ყველა ღორმუცელა რომ მიიღებს ეჭვი არ შეგეპაროთ. ნუთუ არ გიფიქრიათ რა შეიძლება მოხდეს ეს ამბავი საქართველოს პრეზიდენტის ყურამდე რომ მივიდეს. კეთრის რა მოგახსენოთ მაგრამ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან ვირის აბანოში რომ ამოყობთ თავს ცხადზე-ცხადია. ასე რომ სანამ ჯერ კიდევ გაქვთ დრო, გონს მოეგეთ და ამ განადგურებულ ქალბატონს ყურადღება მიაქციეთ!
906
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85