ვინს კლარკის ახალი პროექტი

ვინს კლარკის ახალი პროექტი

რამდენიმე დღის წინ ბრიტანულმა მუსიკალურმა მას-მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯგუფი “Depeche Mode”-ს ყოფილმა წევრმა ვინს კლარკმა ახალი პროექტი განახორციელა.

 

სერ ვინსი ცოტა ხნის წინ ჯგუფის კიდევ ერთ მონაწილე მარტინ გორს დაუკავშირდა და მასთან ერთად ახალი ალბომი ჩაწერა. ამ პროექტის სახელწოდებაა “VCMG”.

 

ვინს კლარკმა “Depeche Mode” 1981 წელს დატოვა. მარტინ გორთან თანამშრომლობის სურვილი გასულ წელს გაუჩნდა. კოლეგებმა საერთო ენა მალე გამონახეს და ერთობლივი ალბომის ჩაწერასაც შეუდგნენ. საინტერესოა, რომ ორივე მუსიკოსი საკუთარ სტუდიაში მუშაობდა და გამზადებულ მასალებს ერთმანეთს ინტერნეტის საშუალებით აცნობდნენ.

 

კლარკისა და გორის ჩანაფიქრით ახალი სტუდიური ნამუშევარი გაყიდვაში 2012 წლის ზაფხულში გამოვა.

 

ვინს კლარკმა, მარტინ გორმა, დეივ განმა და ენდრიუ ფლეტჩერმა “Depeche Mode” 1980 წელს ჩამოაყალიბეს. სადებიუტო ალბომი “Speak & Spell” ჯგუფმა 1981 წელს გამოუშვა. ამის შემდეგ კლარკმა ჯგუფი მიატოვა და საკუთარი კარიერა წამოიწყო. მოგვიანებით მან ჯგუფები “Yazoo” და “Erasure” ჩამოაყალიბა. კლარკის ნაცვლად “Depeche Mode”-მ ალან უაილდერი მიიწვია.