მერაბ ტურავა - მოსამართლეთა ორი მესამედი დისკრედიტებულია

მერაბ ტურავა - მოსამართლეთა ორი მესამედი დისკრედიტებულია

მოსამართლეთა ორი მესამედი არის წინა ხელისუფლების დავალებების შესრულებით აბსოლუტურად დისკრედიტებული, - ამის შესახებ ყოფილმა მოსამართლემ , ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სრულმა პროფესორმა მერაბ ტურავამ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, გუშინ გამართული მოსამართლეთა კონფერენცია არის გამოხატულება და ანარეკლი დღეს არსებული ქართული სასამართლო სისტემის.

"გუშინ ვნახეთ მოსამართლეთა ორად გაყოფილი კორპუსი, რომლის ერთ მხარეს დგანან ღირსეული, პროგრესულად მოაზროვნე მოსამართლეები, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთ მოსამართლეთა რაოდენობა ერთ მესამედს არ აღემატება. მოსამართლეთა ერთმა მესამედმა მხარი დაუჭირა კონფერენციაზე დაყენებილ არაერთ პროგრესულ წინადადებას, სამწუხაროდ, კონფერენციაზე აღმოჩნდა მორჩილი უმრავლესობა, მოსამართლეთა ორ მესამედზე მეტი, რომლებიც აბსოლუტურად სამარცხვინოდ გამოიყურებოდნენ. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, რომ ისინი ასრულებდნენ იმ დავალებას, შეთანხმებას, რომელსაც მათ მიაღწიეს კონფერენციამდე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან და მის მოადგილეებთან", - განაცხადა მერაბ ტურავამ.

მისივე თქმით, დიდი ხანია საუბრობენ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი და მისი მოადგილეები მოსამართლეებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ და მათ ნებაზე ზეგავლენას ახდენდნენ, რაც მიუღებელი და უკანონოა. მისივე ინფორმაციით, დაპირებამ და მოლაპარაკების შინაარსმა კონფერენციაზეც გაიჟღერა, როდესაც ზაზა მეიშვილი მოსამართლეებს უვადოდ გადანიშვნას, მაღალ ხელფასებს, პენსიებს და წარსულში ჩადენილი ნებისმიერი სამართალდარღვევის პატიებას დაპირდა.

"მოსამართლეთა ორი მესამედი არის წინა ხელისუფლების დავალებების შესრულებით აბსოლუტურად დისკრედიტებული. მათ ისეთ იუსტიციის საბჭოს დაუჭირეს მხარი, რომელიც მოსამართლეებს დაიცავს და წინა ხელისუფლების პირობებში ჩადენილ მათ დარღვევებს ფარდას არ ახდის", - განაცხადა მერაბ ტურავამ.
იგი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ წარსულში მიღებულ გადაწყვეტილებებზე ამახვილებს ყურადღებას.

"მაგალითად, იუსტიციის საბჭოს წევრ შოთა გეწაძეს გადაწყვეტილება აქვს მიღებული პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობაზე უარის თქმასთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ მოქალაქეობის ჩამორთმევა ბიძინა ივანიშვილისთვის იყო კანონიერი. იგივე, ზაზა მეიშვილი, უზენაესი სასამართლოში მოსამართლეთა პალატის თავმჯდომარედ გადმოიყვანეს იმის გამო, რომ მან სულხან მოლაშვილის საქმეში მიიღო გადაწყვეტილება, თვალი დახუჭა იმ წამებაზე, არაადამიანურ და ღირსების დამამცირებელ მოპყრობაზე, რომელიც განხორციელდა სულხან მოლაშვილის მიმართ. ისევე როგორც, ლევან მურუსიძე, რომელიც აბსოლუტურად დისკრედიტებულია საზოგადოების თვალში. მას ჩაბარებული აქვს სისხლის სამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა, მუშაობს უზენაეს სასამართლოში ადმინისტრაციულ პალატაში. ამავდროულად, მას თვალი არ დაუხამხამებია ისე მიიღო გადაწყვეტილება, აბსოლუტურად უკანონოდ, უზენაესი სასამართლოს ოთხი მოსამართლის სასამართლო ხელისუფლებიდან გაძევების თაობაზე", - განმარტა მერაბ ტურავამ.

მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გუშინ დაკომპლექტებული შემადგენლობა და სასამართლო ხელისუფლება ხალხის მხარდაჭერას, ავტორიტეტს, პატივისცემასა და ნდობას ქართულ საზოგადოებაში ვერ მოიპოვებს.

მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციამ გუშინ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები აირჩია. კერძოდ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე პაატა სილაგაძე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ილონა თოდუა, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თამარ ალანია.

რაც შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პალატისა და კოლეგიის თავმჯდომარეებისთვის განსაზღვრულ ადგილებს, აქ ხმათა უმრავლესობით გავიდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე მერაბ გაბინაშვილი და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე შოთა გეწაძე. პირველივე ტურში გაიმარჯვა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე ზაზა მეიშვილმა.
იუსტიციის საბჭოს შემადგენლობაში რჩება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი, რომელიც საბჭოს ხელმძღვანელია და კიდევ ერთი მოსამართლე - გიორგი შავლიაშვილი.