იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი ახალი წევრის ვინაობა ცნობილია

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი ახალი წევრის ვინაობა ცნობილია

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი ახალი წევრის ვინაობა ცნობილია.

მოსამართლეთა კონფერენციამ ფარული კენჭისყრით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრის თანამდებობაზე, რომელიც უფლებამოსილია იუსტიციის საბჭოს წევრობასთან ერთად სასამართლოს კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარეობა შეითავსოს, 168 ხმით ზაზა მეიშვილი აირჩია.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრის თანამდებობაზე, რომლებიც ამავდროულად, უფლებამოსილნი არიან სასამართლოს კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარეობა შეითავსონ, 4 კანდიდატურა იყო წარდგენილი. კერძოდ, ზაზა მეიშვილმა - 168 ხმა, შოთა გეწაძემ – 112, ლაშა კალანდაძემ – 95, ხოლო მერაბ გაბინაშვილმა 157 ხმა აიღო. იქიდან გამომდინარე, რომ იუსტიციის საბჭოში მოსახვედრად კანდიდატი ხმათა 2/3-ს საჭიროებდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად პირველი ტურის შედეგებით მხოლოდ ზაზა მეიშვილი იქნა არჩეული.

ხმის დამთვლელი კომისიის ინფორმაციით, დაბეჭდილი იყო 237 ბიულეტენი, საარჩევნო ყუთში 236 აღმოჩნდა, აქედან 18 ბათილად იქნა ცნობილი.

ამ ეტაპზე მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შესარჩევი არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადებიან. მიმდინარეობს გამოკითხვა, ხომ არ სურს ვინმეს პირველი ტურის შემდეგ საკუთარი კანდიდატურის მოხსნა.

მეორე ტურში კანდიდატებს ხმათა ¼-ის მოპოვება ესაჭიროებათ.